ნაივური ავტოპორტრეტი.


მიყვარს - სიმშვიდე, ვებრძვი - სიჩუმეს.
ვითხოვ- სულს, შიშველს. ვიცვამ-ბნელ ფიქრებს. 
ვცეკვავ - გრძნობებთან, მტკივა - გონება. 
მესმის - არაფრის, ვყვირი - ჩუმ ბგერებს.

ვხატავ - ბილიკებს აპოგეასკენ,
ვხედავ - სიშიშვლეს, ჰალუცინანტის.
მაშინებს - ფიქრი, მკრთალი გონების 
მაცეცხლებს - შიში, აორთქლებადი.

მინდა - იხრწოდეს სულის კედლები. 
ვხვეწავ - ფიქრებთან დუელის სცენარს.
დავწერ - ამღუკუ, ანდაც,უკუღმა,
ვიწვევ - ვიშნუს და დავარღვევ -დჰარმას.

ვიხმობ - ცნობიერს, გავურბი - ღრუბელს.
მე მინდა, თუნდაც უღრუბლოდ წვიმდეს. 
ვიწვი - გრძნობით და ვსუნთქავ- თვალებით, 
დავატყე - ჩემს სულს ღრმა ნაპრალები.

___
მაქვს - გაორება, არ მიყვარს - ყინვა.
ვკლავ - ემოციას, რომელიც მიწვევს. 
ვახშობ - სინათლეს, გონში ჩალექილს.
მინდა იცნობდეთ, ხანდახან ვის ვწერ.

შია - გრძნობები, რომელიც არ აქვს.
სწყურია- განცდა, რომელსაც ვერ გრძნობს.
უნდა - უყვარდეს ყვავილთა ჭკნობა.
საკუთარ სხეულში პატიმრად ცხოვრობს. 

____

ვიბრძვი - დუელში გამარჯვებისთვის, 
მომწონს-სიზმრები პარალელურში. 
მიყვარს - უზადოდ, შეუფასებლად, 
ვაბრუნებ - გრძნობებს, აურზაურშიც.

ვიხსენებ - ფრიდას ფრიადულ ცნებებს,
მუზა საკუთარ გონებას ეტრფის. 
განვმიჯნავ - აზრებს, რომელიც მავნებს,
გავფილტრავ- იქედნეს გესლიდან შხამებს.

გავაქრობ - სიბნელეს სიჭრელის სპექტრში.
გარდამტეხ პრიზმას სხვა მხრივ დავხატავ.
დავტკეპნი - ბილიკს, მზისკენ მიმავალს, 
იქნებ სხივები სულებად გარდავქმნა.


2018.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი