დეკამერონი
ტრაგედიების განაახლეს დადგმა თეატრში ჩემო ანტუან სარდაფებში მოგვიწევს ძვრომა ხვალ პადრე მარკო იქადაგებს კვლავაც ტაძარში ჩვენ გასაგონად რომ წაგვბილწავს ხორცისა ნდომა გამჭოლი მზერით დაამატებს ,,ღმერთმა შეგინდოთ” ჩვენ რა თქმა უნდა შესანდობი არც გვჭირს რაიმე თუმცაღა პირჯვარს აღარ ვიწერთ უკვე არცერთი უბიწოებაც საკურთხევლის ტახტზე გავიღე თუ შენს რწმენაში იყო სიტყვა თავდაპირველად ხოლო ჩემსაში, სიტყვებისთვის გამომიგონეს ,,ყველა იმედი ჯოჯოხეთის კართან დატოვე” დანტეს სამთავი მარცვალ მარცვალ გამოგვიზოგეს აღსარება თქვი მამაკაცებს ეპატიებათ სული მოკლე სხეული კი ჰეგემონია ჩემო ანტუან კარდინალთან იმართლე თავი და უარყავი სიყვარულის ცერემონია თეატრი იყო, დეკამერონს ვდგამდით შირმებში შენ როგორც ფრესკა გაჟღენთილი სუნით საკმევლის თითს აყოლებდი წრიულ ზოლად ქალწულ მარიამს არ გეშინოდა შეჩვენების და არც დაწყევლის თქვი რა ტკბილია ვაშლი მდედრის მოწოდებული თავის საცდურით თუნდ მომკვეთონ ასოთაგანი მე ანტუანი დურგლის შვილი ეშაფოტს ველი და ფარდის მიღმა წარმოგიდგენთ... ,,დეკამერონი”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი