ფრთამოტეხილო ანგელოზო


ფრთამოტეხილო ანგელოზო გახსენი ზეცა!
 თეთრი ბუმბული  მიმოფანტე დაცლილ მიწაზე,
სადაც  სიკვდილის ანგელოზი ჩუმად გაგექცა
და აღარავინ აღარ დარჩა ან დაგვიცავდეს

ან თუნდაც მარტო დარჩენილებს შეგვიფარებდეს,
მის დაფლეთილ,ტალახიან  სანდო კალთაში,
როცა ხეები მძიმე გრგვინვით დაგვიძახებენ
ხელი ჩავჭიდოთ უნდა გავყვეთ თამაშ-თამაშით.

და ახლა როცა   რა ხანია გამლაშდა ხორცი,
სისხლი  გაყინულ მინერალად გაუჯდა მინდვრებს,
იქ სადღაც ტყვიად გადმოიქცა   ბებერი ბორცვი
გადაეხურა საცხოვრისად სიცოცხლით მშივრებს.

ხავსი მოედო ,ჟანგმა ჭამა საწოვარები
და ცერა თითით გამოკვებეს მერე ჩვილები,
ცეცხლს მიცემული თავთავებად ხორბლის ყანები,
ჯიბიდან ჯიბით გადათვლილი ოქროს კბილები .

ცოდვილ არა და საცოდავად ქცეულ სხეულებს 
მომადლე შენი მფარველობა ღვთით კურთხეული
ქვეყნის ლხინისგან უსამართლოდ  გამოწვეულებს 
განბანე ველი უჟანგბადო და უდღეური.

ფრთამოტეხილო ანგელოზო სცადე აფრენა
ბოლო ჟამია  სიხარული აღარ ღაღადებს.
შენი ხელები გაუშალე  ახლა აფრებად 
ცოდვილ არა და საცოდავად ქცეულ სამარხებს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი