აქ არაფერი არ არის უცხო
აქ არაფერი არ არის უცხო გარდა მანძილის და ჩვენს ტექსტებში არსებული ინტერვალების გარდა სიჩუმის,პაუზების მუხლებჩახრილის და ჰორიზონტზე მიჩერებულ გულღრძო თვალების აქ უშენობის ათასწლეულს ერთ დღეში ვითვლი ვიცი რომ კადრებს გონებაში,ვერ გავაჩერებ თან სენიორა მეკითხება რითი ვკავდები? მე ტკივილნარევ პასუხს ვაძლევ,,რას გავაკეთებ?" დრო ხომ სჭირდება ადამიანს რამ გაგაკვირვათ მაინცდამაინც მუხლზე უნდა ტყავი დაიძროს?! მე კიარ ვტირი უგუნურნო რას მეუბნებით უბრალოდ ასე შეიძლება კაცი დაიხრჩოს აქ ყველაფერი ისეთია როგორც გვეგონა დრო გაცილებით სწრაფი არის,უფრო მოქნილი განთიადს ეჭვით ვეგებები,არც ის მენდობა როგორც მონასტრის უდღეური ვინმე მორჩილი აივნიდან კვირის მესას ვაყურადებ ზუსტად სამჯერ ზარს შემოჰკრავს პადრე ლუკა მერე ვხედავ ტრამვაის ხაზს და ხმაურით მოგუგუნე ვაგონის სვლას წინ და უკან შებინდება მთელ სხეულში ას ვოლტს გადის თითო ღერი სიგარეტი ათ წუთს უდრის საწოლი კი სამარხივით ცივი არის და ზეწარი როგორც ცხედარს მადევს მწუხრის ღამე მიპყრობს სურვილების ნიაღვარი მორჩილების რა გითხრათ და ისე მინდა რომ ოთახში ახლა იყოს სექსის სუნი უფერული,უგემური ჩვენთვის წმინდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი