კოკისპირულად დაუშვებს ახლა


გაყინულ თითებს ეცემოდა წვიმის წვეთები
და გვერდით ქმნიდა სისხლიან გუბეს
მე ვფართხალებდი როგორც მერცხლები
როცა ტოვებენ პირველად ბუდეს

მაშინ ვხედავდი ჩვენი ფანჯრიდან
ვან გოგის ღამეს ვარსკვლავებს ცაზე
ყვითელგულიან ბეღურებს ტოტზე
რომ ოცნებობენ თბილ ქვეყანაზე 

ახლა ქუჩაში უსულოდ ვწევარ
და წარმოვიდგენ შენს გვერდით თვლემას
შენი ხელებით მორთმეულ ჯამში
ცხელი წვნიანის ძაღლივით თქვლეფას

კოკისპირულად დაუშვებს ახლა
ტანში გაივლის ტკივილი მეხად
მხოლოდ ერთი დღე დაგვრჩება როცა
გვირილის ფოთლებს დავმარცვლავთ ერთად 

ეს ერთი წუთი მეჩვენება მთელ საუკუნედ 
სიცოცხლესავით ველოდები შენგან შენდობას
უშენობის კი არ მეშინია 
იცი  რატომღაც
ორი სხეულის დავიჩემებ მაინც ერთობას

ჩვენი სახელი გაიელვებს ცის კაბადონზე
და სიამაყით გადაივლის
ათასწლეულებს
არ მეშინია უშენობის არც მონატრების
ახლა წავალ და მოუყვები შენზე თეთრ ფურცლებს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი