მარტის აჩრდილი


ნუშის კვირტებში დამალული მარტის აჩრდილი
მოინდომებს,რომ კბილებში იმედს გამოსცრას
თუ  ჩემს ანგელოზს კვლავ ექნება ფრთები დაჭრილი
და ავაზაკი ქრისტეს მოსთხოვს ჯვრიდან გადმოხსნას,

ნაწამებ სხეულს თუ გაწმენდენ ბინძური ჩვრები,
თუკი მეუფეს ჩამოკაწრეს შუბლი ეკლებმა
ციცაბო ფერდობს დაადგება ობოლი ცხვრები
მგლებს კი ყნოსვა აქვთ ისე მძაფრი გემოს შეგრძნება,

სისხლის გემოს,რომ საცაა მეც დავიცლები
 მაშინდელივით,როცა მარტი სხეულში მქონდა
როცა ვიდექი შენ წინაშე მე გარინდებით
და იცინოდა ღმერთი მაშინ კაცი რომ ბჭობდა

უმისამართოდ როცა მოაქვს ზეცას რითმები
აღარაფერი არ იქნება ვიცი საჩვენოდ
თუ უბედური მშობლის ტკივილის მაინც მიხვდები
სად გქონდა გული და თუ გქონდა იქნებ მაჩვენო

ყოველ სეზონზე,მარტის რვაში გამანახევრებს
გლოვით ნაქარგი ბინდმოცული წყვდიადის ფარდა
მითხარი თვალებს შენ გარეშე რა გაამხნევებს
პატარა ბიჭში დარჩენილი იმედის გარდა?!

შენ რომ იცოდე სიზმრებიც კი როგორ გელიან
მოგონებებში დრო,ჯიუტად როგორ ჩერდება
რარიგ მიყვარდა რა გიჟურად მენატრებიან
შენი ხელები.გაიგონე სულის ვედრება

მახსოვს  ყოველი მწარე  სიტყვა გადაშაქრული 
ჩახლეჩილია ბგერა ისევ და ნისლიანი
გამოიზამთრებს კვლავ უშენოდ ეს გაზაფხული
თავს ჩამოიხრჩობს შენს კისერზე მოდილიანი

შენ კი,სიკვდილის არაფერი აღარ გეტყობა
ჭირს წაუღია ეს უაზრო,ფუჭი ბოდვები
როცა  ნუგეშის ბოლო სიტყვაც  ბნელში ეფლობა
,,გამაგრდი შვილო მოგეტევა შენი ცოდვები"

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი