ჩვენი ოთახი


წუხელ მესიზმრა ჩვენი ოთახი
და ვიღაც ბრაზით გვიმტვრევდა კარებს 
სანამ არ მიხვდა რომ სიყვარულში
კიდევ მესამე ვერ გაიხარებს

წამით ვიფიქრე გამეღო კარი
მისთვის დამეთმო ჩემი საწოლი
შენ გულს გირევდა ჩემი აზრები
როგორ ვიყავი ასე დამყოლი

ჩვენი ოთახი რამდენ ზედმეტ ნივთს 
რამდენ ცარიელ ჩარჩოს იტევდა
ჩემმა გონებამ მათგან ერთიც კი
გადასაყრელად ვერ გაიმეტა

ვხედავდი მუდამ არეულ ოთახს 
შენი არსება როგორ უძლებდა
ღამის დარაჯად შენი თვალები
ჩვენს კარს მუდმივად ღამეს უთევდა

მაგრამ მოცუცქნულ ამ ჩვენს ოთახში
სადაც სიმშვიდე მაინც სუფევდა
ზოგ სურათზე სჩანს ორი არსება
ერთმანეთს გრნობებს რომ ვერ უმხელდა 

შენ ჩვენს ფანჯარას ოდნავ აღებდი
მე კი ვიწყებდი ბავშვივით მოთქმას
დაგვინახავენ!ვიყვირე როცა
შენ თქვი მზის სხივი ვაღირსოთ ოთახს

ჩვენ ამ ოთახში სულ მალე ალბათ
ვიცი  ჩასუნთქვა გაგვიჭირდება 
თუმცა ყვავილებს მოვპარავთ ჟანგბადს
ჩვენს თაროზე რომ ქოთნით იდება

მუდამ მტვრიანი ჩვენი ოთახი
წიგნების თაროს სუფთად ინახავს
ერთად წაკითხულ ბროშურებსაც კი
ჩვენს გარდა სხვა რომ ვერ დაინახავს
 
წუხელ მესიზმრა ჩვენი ოთახი
ვიღაც რომ ბრაზით გვიმტვრევდა კარებს
მე დაუთმობდი ჩემს საწოლს მაგრამ
ვიცი ჩემსავით ვერ შეგიყვარებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი