ხმელეთის ბაყაყი და მწვანე ტბა


მე ხმელეთის ბაყაყი ვარ... მცოცავები ამფიბიების კლასს მიმაკუთვნებენ, ჩემს ორგანულ სახელზე ნაკლებად უხეშად ჟღერს თუმცა ბევრად შეურაცხმყოფელია იყო კლასის ნაწილი და ისიც ბაყაყებისა და ქერცლიანი რეპტილიების,თანაც მე არასოდეს მიცურავია,ვდგავარ და ყელგაბერილი ბაყაყების გვერდით ვყიყინებ.მისი   თვალები მწვანე ტბაა...გუგები  ჭაობს ჰგავს,  რომელსაც თუ დიდხანს უყურებ  სადღაც მის სიღრმეში  გიწვევს,ათასი ხელით ნასროლი ტალახის ჩამორეცხვას გპირდება,ეჭვგარეშეა და თვითონაც ხვდები რომ თუ შეხვალ ნაპირს ვეღარასდროს დაუბრუნდები,თუმცა არც დინების მიმართულებით ან საწინააღმდეგოდ ცურვას გთავაზობს,უბრალოდ თუ მოდუნდები შეგიძლია მთელი ცხოვრება იწვე და მის ზედაპირზე ილივლივო,რაც უფრო მოინდომებ ნაპირზე გაცურვას უფრო მეტად გითრევს მის სიღრმეში და თუ დაიღლები შესაძლოა ფსკერზეც აღმოჩნდე.წამწამები   ტბის გარშემო ამოსული გვიმრებივით ირხევიან,როცა ნიავი დაუბერავს და ცრემლებს ზვირთებივით მიაყრის, გუგების ცენტრში  ბორჯღალოს მსგავსი მუქი წრე მზის შუქისგან გახუნებულ ხავს მაგონებს, მრავალდღიანი გვალვებისგან ყელგამშრალი ცდილობს   ტბის სიმლაშით პირი გაისველოს.დანარჩენები გულისგამაწვრილებელი ჭყაპაჭყუპით არღვევენ მის სიმშვიდეს გეგონება მოძრაობსო,მაგრამ არა...დგას ასე გაუნძრევლად თითქოს ჩემს ნახტომს ელოდება,მაგრამ მე როგორც ვთქვი ხმელეთის ბაყაყი ვარ...როცა თვალებს ხუჭავს ქუთუთოები შავი ღრუბელივით გადაეფარება და მის ხავერდს სიბნელეში შთანთქავს მე ავისმომასწავებელი შეგრძნებები მეუფლება,სწრაფი ნახტომით მისი გულისკენ ვისკუპებ და თავს ვაფარებ წიწვოვან ხეივანს,აქ შედარებით სიმშვიდეა თუმცა ნესტის სუნით გაჟღენთილი.ჭექა-ქუხილის ხმა აქაც აღწევს,სულგანაბული ველოდები ამინდის ჩაწყნარებას და ვფიქრობ იმაზე თუ როგორ მძვინვარებს შტორმი ჭაობის სიღრმეში...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი