გიყვარდეს წიგნი


გიყვარდეს წიგნი - ძვირფასი განძი,
ცოდნის სარკე და ბუნების კარი,
მთელს ქვეყანას რომ გვიხატავს თვალწინ
და გზას გვინათებს, როგორც ლამპარი!

გიყვარდეს წიგნი, მისი პატარა
ჯარისკაცები - ანბანთ კრებული,
ცოდნის სანატრელ გზით რომ გვატარებს,
ლამაზ სიტყვებად გამწკრივებული!

გსურს ასახელო მშობელი მხარე,
მას ემსახურო საქმით და ფიქრით?
ამისთვის წიგნი აგიხელს თვალებს,
ამისთვის უნდა გიყვარდეს წიგნი!

გიყვარდეს წიგნი! - გონების თვალით
რომ სახავს, გვაცნობს ქვეყნის ცხოვრებას!
გიყვარდეს წიგნი და შენი ვალი
ყოველ ნაბიჯზე გემახსოვრება!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი