წამოდი ჩემთან


წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგიწნა თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

შორს აგიშენო თეთრი კარავი,
სიყვარულივით ჩუმი, მდუმარი.
არ შეგაშფოთებს მეტი არავინ,
ისევ ჩვენ ვიყოთ ჩვენი სტუმარი.

ო, შენ არასდროს არ მოგწყინდება,
ჩემთან სიზმრებში ჩაგეძინება
და ცისკარივით გამიბრწყინდები,
ძილში რომ ჩუმად ჩაგეცინება.

ხან უზრუნველი მინდორთა შორის
თეთრ ყვავილებში დამემალები,
მინდორს აანთებს ვარსკვლავი ორი
და შემაჟრჟოლებს შენი თვალები...

წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგხურო თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი