ანდერძი


იმ პატარა სიყვარულის ცრემლებს ვფიცავ,
იმ თეთრ აკვანს, დედაჩემის ცისფერ თვალებს,
ვფიცავ მიწას, ვაჟას გულზე დაყრილ მიწას,
რიჟრაჟს ვფიცავ, ნისლებში რომ იფერმკრთალებს;

თუ ჩემს ზეცას, ჩემს მწვერვალებს ცადასროლილს
წაეპარა ყორნისფერი ღამე მძიმედ, -
ამოვწვადო ხმალი ელვით ანაჟრჟოლი,
ვარსკვლავებით მოხატული, მოციმციმე.

თუ დავეცე, - ნუ მიტირებთ დანანებით,
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი,
საქართველოს ლამაზებო, მანანებო,
დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები.

გული დამაქვს სიყვარულით განახელი,
მყვარებია... ჰო, ცრემლებიც მყვარებია;
ჩემი ქვეყნის ძველი დარდი და ნაღველი
ხანჯალივით გულში გამიტარებია.

გაღიმებაც შემიძლია აპრილისა,
ხარირემის ვაჟკაცური დაძახილიც...
- შენი ლექსი ქედმაღლურად გაჰყვირისო, -
მეტყვის ვინმე, სტრიქონებზე თავდახრილი.

- თაობა ვარ ავთანდილის გაწაფული,
სიყვარული ყბით დამიტარებია,
ჩემი თეთრი ცისარტყელა, გაზაფხული,
თებერვალში აპრილს დამიდარებია...

დავიღუპო!.. ნუ მირიტებთ დანანებით...
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი...
ჩემი ქვეყნის ლამაზებო, მანანებო,
დამაყარეთ გაზაფხულის ყვავილები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი