როცა ამ ქვეყნად დაგივიწყებენ


როცა ამქვეყნად დაგივიწყებენ, 
როცა დარდები შემოგაწვება, 
და ყველაფერი რაც კი გხიბლავდა, 
საფლავის ქვის ქვეშ ნელა გაქრება; 
როცა ქალაქის მოკირწყლულ გზებზე, 
თითქოს დაგადეს ფეხზე ხუნდები, 
ღონემიხდილი, უტყვი, სნეული, 
შებინდებისას სახლში ბრუნდები.
გზად შეისვენე სულ ერთი წამით 
და მოუსმინე სიჩუმეს ღამის: 
სმენით შეიცნობ სულ სხვა ცხოვრებას, 
რომელიც დღისით ვერ შეიცანი; 
სულ ახლებურად შეხედავ ირგვლივ 
თოვლიან ქუჩებს, კვამლს რუხს და მწარეს, 
თეთრ, მიტოვებულ, მოუვლელ ბაღნარს, 
დღის მომლოდინე მწუხარე ღამეს; 
იისფერ ზეცას – ამ ბრძენ წიგნთაწიგნს; 
სულში იპოვი შენ უფრო მეტსაც: 
მოხუცი დედის დაღარულ სახეს; 
ამ უბადლო წამს ისევ გაკრთება – 
ეს დამქანცველი ყინვა-სიცივე, 
და მინა ჭირხლით უცხოდ ნაქარგი, 
მადლიერ გულში ისევ აღდგება 
ტრფობა, დიდი ხნის წინ დანაკარგი – 
იცნობ სამყაროს უსასრულობას, 
და მთელ ქვეყანას გინდა ახარო, 
რასაც შეიცნობ და აღიარებ – 
რომ მშვენიერი ჩვენ გვაქვს სამყარო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი