გაზაფხულის მიმწუხრია
გაზაფხულის მიმწუხრია, ბინდდება, შემეხება ტალღა ღამის სიგრილით, გული რაღაც საოცრებას მპირდება, ნაპირს ზვირთი გადაუვლის სირბილით. მესმის მღერა შორეთიდან მოსული, ისე ჩუმი, ვერც კი გამირკვევია, თითქოს მოთქვამს იქ ვიღაც მარტოსული, ხმას გაღმიდან სივრცე გაურღვევია. ნუთუ ჩემი საიდუმლო ახდება, ნუთუ შენ ხარ, შენ მეძახი შორეთში? მიქანაობს ნავი, ტალღებს აწყდება, თითქოს ლანდმაც გაიელვა მორევში. გული ისევ საოცრებას დამპირდა, ვიღაც მოდის! – გავიქცევი, დავხვდები, შეძახილი ისევ გაღმა ნაპირთან, გაზაფხულის მიმწუხრია, ლანდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი