მე ვუერთდები ჩრდილებს საშინელს


მე ვუერთდები ჩრდილებს საშინელს,
შენ ეჭვობ, ფიქრი მიწას შორდება,
დღესთან შეხვედრა ისევ გაშინებს
და ვერ გრძნობ ღამის მოახლოებას.

ნუ ელი სიტყვებს ზეშთაგონებულს,
ვერ მივაღწიე ყრმობის მიზნამდე
და მშვიდად ვუცდი, როგორც ორეულს,
სიზმარს, რომელსაც მიწა მიმზადებს.

სთქვი, ოცნებებით როგორ ავენთო,
ამა სოფლიდან რაღას მოველი?
როცა არ გჯერა შენ, ერთადერთო,
ამ განწირული საგალობელის.

ერთვის სიბნელე სივრცეს სანატრელს,
გაქრა ტკივილი – ფიქრის წყალობა,
შენ ხარ უკვდავი, მარად ანათებ
და არც გაფიქრებს წარმავალობა..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი