ანა გარლინი მარია შონინგს 25 აპრილი
ძვირფასო მარია. რა გემართება? ოთხ თვეზე მეტია შენგან ერთი სტრიქონიც არ მიმიღია. კარგადა ხარ? ყოველდღიური საზრუნავი რომ არა, უკვე გესტუმრებოდი; მაგრამ მოგეხსენება: თორმეტი მილი ხუმრობა არაა. უჩემოდ მეურნეობა მოიშლება. ფრიცს არაფერი გაეგება მისი - ნამდვილი ბავშვია. ხომ არ გათხოვილხარ? არა, ალბათ გაგახსენდებოდი და შენს მეგობარს შენი ბედნიერების ცნობით გამახარებდი. ბოლო ბარათში იწერებოდი, საბრალო მამა ისევ ისე ავადმყოფობსო; ვიმედოვნებ, გაზაფხულმა უშველა და ახლა უკეთაა. ჩემ შესახებ გეტყვი, რომ მადლობა ღმერთს, ჯანმრთელად და ბედნიერად ვარ. მუშაობა ნელ-ნელა მიდის წინ, მაგრამ ჯერ კიდევ არც თხოვნა შემიძლია, არც ვაჭრობა. საჭირო კი იქნება ვისწავლო. ფრიციც საკმაოდ ჯანმრთელადაა, მაგრამ ეს რამდენიმე ხანია ხის ფეხი აწუხებს. იგი ცოტას დადის, ავდარში კი სულ ხვნეშის და ოხრავს. ისე, წინანდებურად მხიარულია, წინანდებურად უყვარს ჭიქა ღვინის დალევა და ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ მიამბო თავის ლაშქრობათა ამბავი. ბავშვები იზრდებიან და ლამაზდებიან: ფრანკი ვაჟკაცი დგება. წარმოიდგინე, ძვირფასო მარია, რომ უკვე გოგოებს დასდევს - როგორი საქმეა? - ის კი ჯერ სამი წლისაც არაა. მერედა რა ჩხუბისთავია! ფრიცი მისი ცქერით ვერ ძღება და საოცრად ანებივრებს; იმის ნაცვლად, რომ ბავშვი დააწყნაროს, კიდევ უფრო აქეზებს და უხარია მისი ყოველი ოინი. მინა გაცილებით დინჯია, თუმცა ერთი წლით უფროსია. მე უკვე დავუწყე ანბანის სწავლება. იგი ძალიან ალღოიანია და, მგონი, შესახედავად კარგი დადგება. მაგრამ სილამაზეში რა ყრია? კეთილი და გონიერი რომ გამოვიდოდეს, მაშინ მართლაც ბედნიერი იქნება. P. S. საჩუქრად გიგზავნი თავსაფარს; პირველად დაიხურე, ძვირფასო მარია, მომავალ კვირადღეს, როცა ეკლესიაში წახვალ. ეს ფრიცის ნაჩუქარია; მაგრამ წითელი ფერი უფრო შენს შავ თმას უხდება, ვირე ჩემს მეტად ქერა თმას. კაცებს ეს არ ესმით. მათთვის ცისფერი და წითელი ერთია. მომიტევე, ძვირფასო მარია, ყბედობას გადავყევი. საჩქაროდ მიპასუხე. მამილოს ჩემი გულწრფელი პატივისცემა გამოუცხადე. მომწერე, როგორაა. ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება, რომ სამი წელი მის ჭერქვეშ გავატარე და რომ იგი მე, ღარიბ ობოლს, ისე მექცეოდა, როგორც თავის ქალიშვილს და არა დაქირავებულ მოსამსახურეს. ჩვენი პასტორის დედა ურჩევს, ჩაის მაგივრად იხმაროს წითელი გ ვ ე რ დ ე ლ ა, მეტად ჩვეულებრივი ყვავილი, - მე მოვძებნე მისი ლათინური სახელწოდებაც - ყველა მეაფთიაქე გიჩვენებს მას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი