მარია შონინგი ანა გარლინს 28 აპრილი
შენი წერილი წინა პარასკევს მივიღე (წავიკითხე მხოლოდ დღეს). საწყალი მამაჩემი გარდაიცვალა სწორედ იმ დღეს, დილის ექვს საათზე; გუშინ დავკრძალეთ. ვერაფრით ვერ წარმომედგინა, რომ სიკვდილი ასე ახლო იყო. მთელი უკანასკნელი დროის მანძილზე თავს გაცილებით უკეთ გრძნობდა და ბ-ნი კელცი იმედოვნებდა, სავსებით გამოჯანსაღდებაო. ორშაბათს სეირნობდა კიდეც ჩვენს ბაღში და ჭამდე სულის შეუგუბებლად მივიდა. ოთახში დაბრუნებულმა ოდნავი ჟრჟოლა იგრძნო. დავაწვინე და ბ-ნ კელცთან გავიქეცი. იგი შინ არ იყო. რომ დავბრუნდი, მამა დაძინებული დამხვდა. ვიფიქრე, ძილი სავსებით დაამშვიდებს-მეთქი. ბ-ნი კელცი მოვიდა საღამოს. გასინჯა ავადმყოფი და უკმაყოფილო დარჩა მისი მდგომარეობით. გამოუწერა ახალი წამალი. ღამით მამამ გაიღვიძა და ჭამა ითხოვა, მე სუპი მივეცი. ერთი კოვზი მოხვრიპა და მეტი აღარ ინდომა. მან კვლავ დაიძინა. მეორე დღეს კრუნჩხვები დაეწყო. ბ-ნი კელცი გვერდიდან არ სცილდებოდა. საღამოს ტკივილი დაუცხრა, მაგრამ ისეთმა შფოთვამ მოიცვა, ხუთი წუთი ერთ მდგომარეობაში წოლა არ შეეძლო, მე უნდა მებრუნებინა გვერდიდან გვერდზე... გათენებამდე დაწყნარდა და ორი საათი იძინა. ბ-ნი კელცი წავიდა, მითხრა, ორ საათში დავბრუნდებიო. უცებ მამა წამოიწია და დამიძახა. მივედი და ვკითხე, რა გინდა-მეთქი, მითხრა: “მარია, რად ბნელა ასე? გააღე დარაბები”, - შევშინდი და ვუთხარი: “მამილო, განა ვერა ხედავთ... დარაბები ღიაა”. - მან თავის გვერდით დამიწყო ძებნა, ხელზე მწვდა და მითხრა: “მარია, მარია, ძალიან ცუდად ვარ - ვკვდები, მოდი დაგლოცავ, ჩქარა”. დავიჩოქე და მისი ხელი თავზე დავიდევი. მამამ თქვა: “ღმერთო, შენ მიხედე, ღმერთო, ჩამიბარებია შენთვის”. იგი გაჩუმდა, ხელი მოულოდნელად დაუმძიმდა. ვიფიქრე, კვლავ დაიძინა-მეთქი, და რამდენიმე წუთს განძრევას ვერ ვბედავდი. უცებ შემოვიდა ბ-ნი კელცი, მამის ხელი თავიდან მომაცილა და მითხრა: “ახლა დატოვეთ იგი, თქვენს ოთახში წადით”. მე მამას შევხედე: იგი იწვა გაფითრებული, უძრავად, ყველაფერი დამთავრებული იყო. კეთილი ბ-ნი კელცი მთელი ორი დღე ჩვენი სახლიდან არ გასულა და ყველაფერი მოაკეთილა, რადგან მე არაფრის თავი არ მქონდა. უკანასკნელ დღეებში მე მარტო ვუვლიდი ავადმყოფს, არავინ მყავდა შემცვლელი. ხშირად გიგონებდი და მწარედ ვნანობდი, რომ ჩვენთან არ იყავი... გუშინ ავდექი ლოგინიდან და ის იყო კუბოს უნდა გავყოლოდი, რომ უცებ ცუდად გავხდი. დავიჩოქე, რათა შორიდან გამოვმშვიდობებოდი მამას. ფრაუ როტბერხმა თქვა: “რა თვალთმაქცობაა!” წარმოიდგინე, ძვირფასო ანა, რომ ამ სიტყვებმა ძალა დამიბრუნეს. კუბოს საოცრად მსუბუქად გავყევი. მეჩვენებოდა, თითქოს ეკლესიაში უჩვეულო სინათლე იდგა და ჩემ ირგვლივ ყველაფერი ტორტმანებდა. არ ვტიროდი. სული მეხუთებოდა და სულ მინდოდა მეცინა. მამა სასაფლაოზე გადაიტანეს. წმინდა იაკობის ეკლესიის უკან რომაა, და ჩემი თანდასწრებით ჩაუშვეს სამარეში. მაშინ უცებ მომინდა საფლავი გამეთხარა, რადგან მამას ბოლომდე ვერ გამოვემშვიდობე, მაგრამ სასაფლაოზე ჯერ კიდევ ბევრი მიდი-მოდიოდა და მეშინოდა, ფრაუ როტბერხს კვლავ არ ეთქვა: “რა თვალთმაქცია”. რა სისასტიკეა, ნება არ მისცე ქალიშვილს, მიცვალებულ მამას ისე გამოემშვიდობოს, როგორც მას მოესურვება... შინ უცხო ადამიანები დამხვდნენ, რომლებმაც მითხრეს, განსვენებული მამის მთელი ქონება და ქაღალდები უნდა დავლუქოთო. ჩემი ოთახი დამიტოვეს, ოღონდ იქიდან ყველაფერი გაიტანეს საწოლისა და ერთი სკამის გარდა. ხვალ კვირაა. მე შენს თავსაფარს არ დავიხურავ, მაგრამ მისთვის ძალიან მადლობელი ვარ შენი. მოკითხვას ვუთვლი შენს ქმარს, ვკოცნი ფრანკს და მინას. მშვიდობით. ვწერ ფანჯარასთან მდგომი, სამელნე კი მეზობლისაგან ვითხოვე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი