მ ა რ ი ა შ ო ნ ი ნ გ ი ა ნ ა გ ა რ ლ ი ნ ს
ძვირფასო ანა. გუშინ მოხელე მოვიდა და გამომიცხადა, განსვენებული მამის მთელი ქონება საჯარო ვაჭრობით უნდა გაიყიდოს ქალაქის ხაზინის სასარგებლოდ იმიტომ, რომ მამაშენი ქონების მიხედვით არ იყო დაბეგრილი და რომ ქონების აღწერის მიხედვით უფრო მდიდარი აღმოჩნდა, ვიდრე ფიქრობდნენო. ვერაფერი გამიგია. უკანასკნელ ხანებში ჩვენ ძალზე ბევრს ვხარჯავდით წამლებზე. მე სახარჯოდ სულ ოცდასამი ტალერი დამრჩა. ისინი მოხელეებს ვუჩვენე, მაგრამ მათ მითხრეს, ეს ფული თვითონ გქონდეს, კანონი მას არ ითხოვსო. ჩვენი სახლი მომავალ კვირას გაიყიდება და აღარ ვიცი, სად წავიდე. ვეწვიე ბურგმაისტერს. მან კარგად მიმიღო, მაგრამ თხოვნაზე მიპასუხა - ვერაფერს გაგიკეთებო. აღარ ვიცი, სად მოვეწყო. თუ მსახური გინდა, მომწერე, შენ იცი, რომ შემიძლია საოჯახო საქმეებსა და ხელსაქმეში დაგეხმარო, ხოლო ამას გარდა მივხედავ ბავშვებს და ფრიცს, თუ იგი შეუძლოდ გახდა. ავადმყოფების მოვლა ვისწავლე. გეთაყვა, მომწერე, გჭირდები თუ არა, და არ მოგერიდოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დამოკიდებულება ამის გამო ოდნავადაც არ შეიცვლება და შენ ჩემთვის ისევ ის სათნო და კეთილმოსურნე მეგობარი იქნები. მოხუცი შონინგის სახლი ხალხს აევსო. მაგიდასთან, სადაც შემფასებელი თავმჯდომარეობდა, ჭედვა იყო. შემფასებელი ყვიროდა: “სპილენძის ღილებიანი თივთიკის კამზოლი... *ტალერი. ერთი, ორი... მეტი არავინ - თივთიკის კამზოლი *ტალერი - სამი”. კამზოლი ახალი მფლობელის ხელში გადავიდა. მყიდველები კილვით და ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ სავაჭროდ გამოფენილ ნივთებს. ფრაუ როტბერხი შონინგის სიკვდილის შემდეგ გაურეცხავ ჭუჭყიან თეთრეულს სინჯავდა, ჩეჩავდა მას, ბერტყავდა და იმეორებდა: ძველმანი, ძონძები, კონკებიო, და გროშებს უმატებდა. ტრაქტირის პატრონმა გირცმა ორი ვერცხლის კოვზი, ნახევარი დუჟინი ხელსახოცი და ორი ფაიფურის ფინჯანი იყიდა. საწოლი, რომელზეც შონინგი გარდაიცვალა, შეიძინა კაროლინა შმიდტმა, მეტად სახეშეღებილმა, გარეგნულად მოკრძალებულმა და თვინიერმა ქალიშვილმა. მოჩვენებასავით ფერმიმქრალი მარია იქვე იდგა და მდუმარედ უცქეროდა თავისი ღარიბული ქონების დატაცებას. ხელში *ტალერი ეჭირა, ემზადებოდა რაიმე ეყიდა, მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნიდა, ნადავლი ხელიდან გამოეცალა მყიდველებისთვის. ხალხი გარეთ გამოდიოდა და შეძენილი ნივთები მოჰქონდა. გაუყიდავი დარჩა ბუზების მიერ დასვრილი და ოდესღაც მოოქრულ ჩარჩოებში ჩასმული ორი სურათი. ერთზე გამოსახული იყო წითელი ხიფთანით მოსილი ახალგაზრდა შონინგი, მეორეზე ქრისტინა, მისი ცოლი, ქალს ხელში ძაღლი ეჭირა. ორივე სურათი დახატული იყო მკაფიოდ, ხასხასა ფერებით. გირცს უნდოდა ისინიც ეყიდა, რომ თავისი ტრაქტირის კუთხის ოთახში დაეკიდა, ვინაიდან კედლები მეტად შიშველი იყო. სურათები შეფასდა *ტალერად. გირცმა ქისა ამოიღო. ამ დროს მარიამ დაძლია თავისი გაუბედაობა და აკანკალებული ხმით მოუმატა ფასი. გირცმა აგდებულად შეხედა და დაიწყო ვაჭრობა. ფასი თანდათან *ტალერამდე გაიზარდა. მარიამ ბოლოს *ტალერი მისცა სურათებში. გირცმა უკან დაიხია და სურათები მარიას შეხვდა. მარიამ ფული გადაიხადა, დარჩენილი თანხა ჯიბეში ჩაიდო, აიღო სურათები და სახლიდან გამოვიდა, აღარ დაელოდა აუქციონის დამთავრებას. ქუჩაში გამოსულ მარიას ორივე ხელში სურათები ეჭირა, იგი საგონებელში ჩავარდნილი შედგა: სად უნდა წასულიყო?.. მასთან ოქროსსათვალიანი ახალგაზრდა მივიდა და ძალიან თავაზიანად იდვა თავს, სურათები სადაც ნებავდა, იქ წაეღო... - დიდი მადლობელი ვარ... მე, მერწმუნეთ, არ ვიცი. - და მარია ფიქრობდა, სად მიეტანა სურათები, სანამ თვითონ უადგილოდ იყო. ახალგაზრდამ რამდენიმე წამი დაიცადა და თავისი გზით წავიდა, ხოლო მარიამ გადაწყვიტა სურათები ექიმ კელცთან წაეღო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი