წინასწარმეტყველი


ბნელ უდაბნოში მოხეტიალეს
როცა მქენჯნიდა სულის წყურვილი,
გზად მომევლინა მე ექვსფრთიანი
ღვთის სერაფიმი შუქით ბურვილი.
შემეხო ხელით თვალებზე იგი,
მსუბუქით, როგორც სიზმართა რიგი,
ვიგრძენ ახელა თვალისჩინისა,
მსგავსად დამფრთხალი ძუ არწივისა;
მერე შეეხო ჩემს ყურებს ნელა,
გრგვინვამ და ზარმა ამივსო სმენა,
ვიგზნე ცის თრთოლვა ანაზდეული
და გადაფრენა ანგელოზების,
ზღვაში დინება მცურავთ ჯოგების,
თრთოლვა შორეულ ვაზის ეულის.
მერე მან ბაგეს ჩემსას დახედა,
და ცოდვიანი ენა წამკვეთა,
ფუჭად მჭევრი და მოხერხებული;
და სისხლიანი თავის მარჯვენით
ჩამიდგა ბაგეს ღიადდარჩენილს
მე გველის ენა სიბრძნით ცხებული.
მერე მახვილით მკერდი განგმირა
და ამომართვა გული მღელვარე,
და ჭრილობაში ჩადო სახმილად
მან ნაკვერჩხალი ცეცხლმოელვარე.
ვით მკვდარი, ვიწექ უდაბნოს ხვატში
და მომიწოდა უფალმა მაშინ: „აღსდექ, ისმინე, წინასწარმხედო,
აღგავსოს ჩემმა ნებამ სრულებით,
მოივლი ზღვებს თუ გზებს სახმელეთოს,
ააგიზგიზე სიტყვით გულები!“

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი