დემონი
როდესაც ჩემთვის იყო ახალი ყოფნის ყოველი შთაბეჭდილება - ქალწულთა მზერა, მთები მაღალი, ღამე ბულბულის ახმატკბილება, როცა ყოველი დიადი გრძნობა, თავისუფლება, სახელი, ტრფობა და შთაგონება ხელოვნებისა იყო მიზეზი ჩემის გზნებისა, - მაშინ ბოროტი რაღაც გენია გახდა ფარულად ჩემი მნახველი, და იმ წუთებში, რაც მილხენია, მან შეიტანა შავი ნაღველი. შეხვედრა ჩვენი იყო მწუხარე: მისი ღიმილი, თვალების ალი და მეტყველება გესლით მდუღარე სულს მიწამლავდა საოცარ ძალით, იმედისა და რწმენისგან სცლიდა ცილისწამება მისი გონებას; მშვენიერებას ოცნებად სთვლიდა და დასცინოდა ზეშთაგონებას. თავისუფლებას, სიყვარულს ჰგმობდა, იყო მქირდავი მიწის და ცისა, და კურთხევისთვის უღირსად სცნობდა მთელს ბუნებაში ყველაფერს ისა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი