ელეგია


რა მაგონდება სიხალისე გიჟური წლების,
ვით ნამთვრალევი ვიმღვრევი და უღონოდ ვხდები,
მაგრამ რაც უფრო გადის ჟამი, გულის მდაღველი,
უფრო მაგრდება ღვინოსავით ჩემი ნაღველი
გზა მაქვს მჭუნვარე, საშიშ ზღვაში მერმისის ვრცელის
აწ მარტოოდენ მწუხარება და შრომა მელის.

მაინც არ მინდა დამეფაროს ბნელეთის რიდე,
სიცოხლე მინდა, რომ ვფიქრობდე, ვწვალობდე, ვქმნიდე.
მწამს, ზრუნვით სავსე კაეშნიან დღეთა დინებას
ხანდახან შვების მცირე შუქი დაეფინება:
დავტკბები ხოლმე ჰარმონიის მშვიდი ზვირთებით,
ნაოცნებარი დამაღონებს და ავტირდები,
და ეგებ მწუხრზე სიყვარულმა გზა სიმძიმილის
კვლავ გამინათოს განშორების ნაზი ღიმილით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი