ქართლი


საოცარია ნაქარგობა ქართლის ბაღების,
სამომავლო და სამერმისო ფერით და ნაყშით...
მშვენიერების ცხრაკლიტული კარის გამღები
რიჟრაჟისფერი სიხარულით მკრთომარებს ვაშლი.

იღვიძებს კომში. აღტაცებას ვერ ფარავს კორდი
მიმოხატული მოულოდნელ ატმის ფურცლებით.
მოუსმენელი ჰარმონია და ქარაშოტი
სულს ეფინება უცნაური და განუცდელი.

მაღლაა ჯვარი. იქვეა მზე და უდაბური
სივრცის ძახილი გალურსული ქვაში და ხეში,
უჟამობისგან განწმენდილი ყოფნის სადგური,
კაშკაშა, როგორც თრიმლისა და ძახველის ნეშო.

აქვეა თრთოლვა: გაზაფხულის და მტკვრის ნაპირი,
აყვავებული სიმარტოვე ცისა და ნატვრის,
აქვეა ჩემი მეგობარი: თეთრი აპრილი –
ყინწვისისა და სვეტიცხოვლის უცნობი ხატი.

აქაურია სიხარული მზისა და მთვარის,
რაიც უცნაურ სიმაღლეთა ზარებს განმგებლობს...
მე ვიცნობ ვაშლის განათებულ ქათქათა ყვავილს:
ქართლის ველების საღამოთა მფარველ ანგელოზს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი