ოქტომბრის ქარებს


ნდობა რაგვარად გამოვუცხადო, 
საეჭვოდ ჩამდგარ ოქტომბრის ქარებს,
ფანჯარა ღია დავიტოვო და 
ვენდო, ცივ ნიავს არ მიაკარებს?!

ვაითუ, ატყდა ზრიალი მინის,
გულის ფანჯრების რაფაც დაიმსხვრა,
რა ეშველება დაუცველ ოთახს,
ვინ ამოკემსავს ქარის ნაისრალს?!

ან სადღა წავლენ უგზო ჩიტები,
რაფაზე მშივრებს რომ ვაზამთრებდი?!
რომ ვუშენებდი უპოვართ ბუდეს,
რომ ამომყავდა გულთან სამტრედე.

როგორ ვუცქირო მათ უღვთო გნიასს,
მშვიდად დავადო წამწამი წამწამს?!
საეჭვოდ ჩამდგარ ქარის არ მჯერა,
საეჭვოდ ჩამდგარ ქარისა არ მწამს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი