დედამიწის დღე


ვიცეკვოთ, მოდით!
გული გავუგლიჯოთ დედამიწას ჩვენი ქუსლებით
გამეტებით დავცხოთ და სისხლად ვადინოთ
 ჩვენი გაზრდისთვის დანთხეული ოფლი
ვაფურთხოთ ყოველდღიური ჭორებით აქაფებული ნერწყვი
(მაინც ტკბილ სუნამოდ დაგვიბრუნებს).
მოვკვეთოთ ყოველი შვილი ხე და ყოველი შვილი მცენარე
არ დავზოგოთ
ის არაა ბერწი ისევ მოილოგინებს 
ნუ მიაქცევთ შვილებზე მიყენებულ ჭრილობას ყურადღებას
მერე რა თუ კვნესის და სისხლი სდის 
ჩვენი ნააბორტალი შვილებიც ხომ ასე ჩავრეცხეთ
ვიწრო უნიტაზის ხორთუმით
ვიცეკვოთ
იმ ცხოველის ტყავისგან შეკერილი პუანტებით
რომლებიც გადაურჩნენ აბორტს ( ჩვენ გვჭირდება პუანტები)
ვიცეკვოთ თითის წვერებზეც
მაგრამ ქუსლების ძლიერად დარტყმა არ დაგვავიწყდეს დედამიწისთვის
დაჰკარით შიგ გულში
ჩვენი ქუსლი არ ჰგავს აქილევსისას
ვიცეკვოთ დედამიწის შვილების ძვლებზე
თვალი მოვარიდოთ დახოცილ ხორცშერჩენილ ხეებს
რომელთა ერთი ძარღვი მაინც გვამცნობს სიცოცხლეს
ჩვენ არ ვართ ვალდებულები ხელი გავუწოდოთ
მერე რა რომ ფოთლის გამოსხმას ცდილობს
მალევე ისე ამყრალდება როგორც ის ძვლები
რაზედაც ჩვენ სიხარულით ვცეკვავთ ( ჩვენ გვჭირდება მხიარულება)
მოდით გავთელოთ ეს თვალდაჭყეტილი გაზაფხულის არამკითხეებიც
ან ფესვიანად ამოვძირკვოთ და ორდღიანი სიამოვნებისთვის მოვათავსოთ ლარნაკში
ჩვენ ხომ ისედაც მშვენივრად ვიცით  როდის რომელი წელიწადის დროა
(ჩვენ გვჭირდება გადახალისება)
სუნთქვა შევუკრათ გათავხედებულ მდინარეს გადავაჭდოთ არტახები
ამოვტუმბოთ, ამოვაშროთ... 
(ამოდენა სივრცე  ნაგავსაყრელისთვის ზედგამოჭრილია)
ცემენტით ამოვულესოთ ფილტვები და მივიღოთ ელექტროენერგია 
( ჩვენ გვჭირდება "სინათლე").
დავყაროთ მზესუმზირის ნამცეცები ქუჩაში
ბანანის ქერქი ავტომანქანიდან მოვისროლოთ იქვე
დავარეცხოთ ზედ ჩვენი  ჩამორეცხილი სიბინძურე 
და შევაწმინდოთ ჭუჭყიანი ხელები
(ჩვენ გვჭირდება ხელების დაბანა)
ქარს გავატანოთ პოლიეთილენის პარკები ხეები შეიფარებენ
ან ისევ მიწა მიითვისებს და მითვისებული ნიადაგი 
მაინც იქნება ასწლიანი ბერწი 
გავიხაროთ
კარგა ხანს აღარ გავიოფლებით თოხითა და ბარით 
ჩვენ ყველანი  ხომ ოფისებს ვიმსახურებთ
ვუთხრათ უარი დედამიწის განოყიერებას
ჩვენ გენმოდიფიცირებული პროდუქტები გვირჩევნია ჯაფას
მათ უფრო ხასხასა და ლამაზი ფორმები აქვთ.
ვიცეკვოთ
ფილტვებამოქოლილი მდინარის ჰესისგან მიღებული ენერგიით 
და ვუსმინოთ  უხარისხო სიმღერებს
თვლემამორეულებმა ვაკანტუროთ თავები უგემოვნოდ
(ჩვენ გვჭირდება უშაქრო პროდუქცია)

მაშ დაუკარით,
დაუკარით!!!!
რათა ვიცევოთ სულის ხავილამდე
გულის კარდიოგრამამდე
კიდურების ამპუტაციამდე
ორგანოების დალპობამდე
ვიცეკვოთ!!!!
ყველამ ვინც იცით და ვინც არ იცით ცეკვა
ყველამ ერთად ვიცეკვოთ და 
შემოვარტყათ ხორუმის ჯაჭვი  დედამიწას
ვაჩვენოთ ქართული უნიკალურობა მსოფლიოს
შემდეგ
კვლავ ვაფურთხოთ
ჩვენ ყველანი ხომ მიწად ვრეირკარნარდებით
სადღეგრძელო შევუსვათ მათ  რომლებიც ხრავენ მიწას
რომლებიც ბურღავენ მის ნაკლოვან არტერიებს,
რომლებიც ცლიან ჟანგისფერი სისხლისგან 

გულის გახეთქვამდე
მოვასწროთ ცეკვა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი