ახალშობილის ხე
მა, შენ რომ დამირგე ატმის ნერგი, მე რომ დავიბადე, პირველად, ცამეტის ვიყავი რომ გახმა. მე გითხარ, ალბათ მეც მოვკვდები და მთელი ღამე ცრემლი ვთესე. შენ დილით სხვა ადგილას გადაგირგავს. მალევე თვალი გაახილა. უჭირდა , თუმცა ახერხებდა მზის დაბუდებას და ფეთქდება ატმისფერი გაზაფხულები. რამდენიმეჯერ სცადა სიკვდილი, შენ ყოველ ჯერზე უცვლიდი ადგილს და არ აძლევდი კვდომის უფლებას. ის ფხიზლდებოდა. მე ვეხვეოდი როგორც სულისცალს და ჩემი ყველა მწუხარება ტანში გაუჯდა. ფესვმა იწოვა ჩემი ცრემლის ნაკადულები და ღიმილები გამოისხა კვირტად აქა_იქ. რაც შენ წახვედი, აღარავინ უცვლის ადგილებს. რაც შენ წახვედი ერთნაირად გვზნექს ქარიშხალი. ბაღის განაპირას, როგორც დანის პირას, ჩემი სიცოცხლის დანაპირით, ვერ გახარებული, ვერ აყვავებული, თრთის "ახალშობილის ხე".
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი