უსაფრთხოების სამსახური
საზოგადოებრივი ტრანსპორტი #19 პირველივე სავარძელში ვზივარ, მძღოლთან ყველაზე ახლოს, ქალაქის მთავარი გამზირის, ჭავჭავაძის სისხლმდინარებას ვერევი. ასე , სამოცი ადამიანია სამკარიან , ლურჯ ავტობუსში. ჭყლეტა, წუწუნი, ოხვრა და კვნესა, შიგადაშიგ ღრმა ამოგმინვა... ტვირთი და სიცარიელე... საერთო მასის მატება უდრის მიზიდულობის ძალის ზრდას. იზიდავს მიწა ავტობუსს. მიწა - მიწას. სამოცი კაცი, წინ საცობი, უკან კოლონა- "წინ -ზვავი , უკან-მეწყერი"განწყობაა მგზავრებში. -გამომატარე, გამო! პატრულს პატრონი უჩანს, აქვე "შემდეგი გაჩერება" აფერხებს ქუჩას, ხერგავს მიმოსვლას, ემატება საცობი საცობს, პრიუსის მძღოლი, უწვერული , გინებით კაცობს. ხმა მიკროფონიდან: “შემდეგი გაჩერება- ჭავჭავაძის ქუჩა #46” ამოდის შავსამოსიანი კაცი 61-ე. რაც თვალში მხვდება, გულის ჯიბეში მობილური ტელეფონია, ვიდეოკამერის თვალი ირიბად უდევს, ისე, რომ კამერა პირდაპირ თვალებში მიყურებს. არადა , ტრანსპორტი წინ მიდის, 61-ე კი მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით, უკუღმა დგას და შავი მზის სათვალიდან [საღამოვდება. მზის სათვალეს ტრანსპორტშიც არ იშორებს] ხალხს მელიისებრი მიმოხედვით ზვერავს. გაუმჭვირ შუშებშიც კი ვხედავ ყინულოვან ორ საცეცს. მზერას ვუშტერებ ვიდეოკამერის თვალს. უსიამოვნო ჟრჟოლა მერევა. ასე მემართება ქვეწარმავლის დანახვისას . [ ქვე_მძრომლებისადმი ეს განცდა დღემდე ვერ მოვიშორე] კამერის მარჯვნივ მეორე ჯიბეს ვუთვალიერებ. ცალყბად მეღიმება , ასე მემართება ინტუიციის გამართლებისას, ასეც ვიცოდი- " უსაფრთხოების სამსახური". საზოგადოების აზრს ყველაზე უკეთ და მარტივად სწორედ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაიგებ. აქ როგორც კერძო, ისე საჯარო პირები ხომ ერთნაირად აფიქსირებენ თავიანთ კმაყოფილებასა და უკმაყოფილებას საქვეყნო საკითხებზე. “უსაფრთხოების სამსახურიც” აფიქსირებს. ყველა ფიქსაცია გაშიფრვადია. სახელმწიფოს უსაფრთხოება საზოგადოების საფრთხის გაუვვნებელყოფაა. სრულიად უადგილოდ მახსენდება, რომ ემიგრაციაში წასვლა ნებადართული მაქვს, რომ შემიძლია ჩემივე სამშობლოს გადავეხვეწო, რათა არასდროს ვეხვეწო მწველავებს საკუთარი სამშობლოს რძე. აქვე სრულიად უადგილოდ მობაილ ბანკს ვამოწმებ. გუშინ ხელფასი დამერიცხა: 472ლ. 89 თ. ცუდი არაა, მაგრამ გადასახვეწად ბევრია. სრულიად უადგილოდ მახსენდება , რომ გუშინდელი მედიკამენტები + გამოკვლევები=459 ლ. და სრულიად ადგილიანად გავბრაზდი საკუთარ დაუდევრობაზე - რა დროს “ლურპაკის” კარაქის ყიდვა იყო! კვლავ ცალყბად მეღიმება... სამაგიეროდ დროულად მახსენდება, (ჯანიც შეიძლება გავარდეს) რომ ჩემი ნაღვლის ბუშტის ოპერაციას სრულად დამიფინანსებს ჯანდაცვა, რომ დაიცავს ჩემი ჯანის მთლიანობას და მე აღარასდროს აღარაფერზე ვინაღვლებ. და მე ვიქნები სრულიად უსაფრთხო. რომელ უსაფრთხოებაზე ზრუნავს ეს შავკაცა? იქნებ დედაჩემის პენსიას იცავს, ავმა სულებმა შემთხვევით არ გააორკეცონ და იჩქითად ქალი უგვანო ხიფათს არ გადაჰყარონ?! ან იქნებ ჩემი მარტოხელა დის იმ კუთვნილ თანხას იცავს, რომელიც ქალაქის მერიას შემთხვევით ამოეწურა და ამ თვეში ვერ მიიღო?! იქნებ თავისუფლებისთვის მოფრთხიალე ჩიტებს უფრთხილდება, აფრთხობს იმპორტული ფურთხი? კამერას ჯიქურ ვუშტერებ მზერას , თვალს არ ვახამხამებ, 61-ე იჭერს და იშმუშნება, წინ მაინც არ ტრიალდება, არც მე ვაცილებ თვალს. წრიალებს. მარჯვენა ფეხი ეღლება და მარცხენას ეყრდნობა მთელი სიმძიმის ძალით. "არ არის უსაფრთხო"- მზერით ვეუბნები მიჯერებს და კვლავ მარჯვენას ეყრდნობა. მალევე იცვლის საყრდენ-მამოძრავებელ ძალას, მარცხენა-მარჯვენა, მარცხენა-მარცხენა... ასეა, ცალ მხარეს სიმძიმის ძალა ბალანსირებას ვერასდროს შეძლებს, მაგრამ ეს არ აინტერესებს უსაფრთხოების მსახურს, მას ნებისმიერ ჟამს შეუძლია კუთრი წონა ხელის ღმერთის სიმძიმის ძალას მოარგოს. ავტობუსის მძღოლი მკვეთრად უმუხრუჭებს უადგილო ქვეითს და ხმამაღლა უყვირის: -წინ არ იხედებიი?! ჩემთვის ვამბობ: -არა, უსაფრთხო გადაადგილება თუ გინდა , უკან უნდა იხედებოდე. ესეც დღევანდელი აქტივობის ნიმუში. ამ პოეზიისგან გამოფატრულ გულ-მუცელს რაღა მიწვავს?! ან ამ ქრისტეშობისას ულექსო გვერდი რად ჩავინიშნე ფიქრების წიგნში?! ტვინის რადარი საით მივმართო? მყისიერად ღრმად ვხუჭავ თვალებს. დროს პოულობს 61-ე და გამომცდელად მაკვირდება "ვინ ჩემი ტიკი-ტომარაა" ფიქრში ამბობს. მინდა გავუღიმო. ვერ ვახერხებ. ვდგები და ვეუბნები -გამატარეთ! გამაფრთხილებელი მზერა საკონტროლოდ დამაწია სათვალის მინიდან. წარმოსახვითი ფრთა, მკერდთან ხალი რომ მაქვს, იქ გამეხახუნა. გამეღიმა. ..."შემდეგი გაჩერება- ტბელ აბუსერიძის" ... გადმოვკვეთე გრიბოედოვი (ჰმ! გრიბოედოვის სახელობის ქუჩა) გორგასლის 159, მე-8 სართული. ლიფტის კარი იღება. ბინა - 99 . კარი, როგორც ყოველთვის, ღიაა. გაუფრთხილებლად შევდივარ და გააფთრებით ვიძახი: -ეჰეეი!!! რომელი ხარ სახლსა შინა ?! ეჰეეი!!! რომელი ხარ სახლსა შინა ?! ეჰეეი!!! რომელი ხარ სახლსა შინა ?!...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი