წყარო
უბრალო წყაროა, არაფერი განსაკუთრებული. ისიც ცივია და მისით სავსე ჭურჭელს ოფლი ასხამს მთელ სხეულზე. მთელი ბავშვობა ამ წყაროს დამტარებელი ვიყავი. დოქიდან ჭიქამდე, ჭიქიდან სხეულამდე. განსაკუთრებით მამას უყვარდა მისი ხმაურიანი დინება. უზმოზე, ზამთრის დღეებშიც ჩადიოდა წყაროზე . თვითონ იქვე რკინის ჭიქით მიიღებდა, ჩვენთვისაც ამოიტანდა და გვაზიარებდა ხოლმე,- დალიეთო. და ჩვენც ოთხი, სიცოცხლეგადარეული მოზარდი დავეწაფებოდით უკვდავების სითხესავით, თითქოს პირველად ვუღებდით გემოს. პირველი ჭიქა წყალი პატარასი იყო და მე რომ პატარა ვიყავი , როგორ ვიზრდებოდი ერთბაშად. რაც შემეძლო ვწელავდი იმ ერთი ჭიქის დალევას, რომ ჩემი პრივილეგიით დავმტკბარიყავ. წყაროზე ჭიქა არასდროს გამომიყენებია, სულ პეშვებით ვსვამდი. პეშვით დალეულ წყაროს სხვა გემო აქვს. ერთხელ , მამამ მითხრა, პეშვით დალევისას წყალს ჭია რომ გამოჰყვეს ვერ დაინახავ და გადაგეყლაპებაო. მე მაინც ვერ გადავეჩვიე, მაგრამ მას შემდეგ პეშვებში ყურადღებით ვიყურები და ვფიქრობ : წყარო პეშვებით უნდა შეისვას. სოფელში რომ სახლი ავაგეთ ჩვენი წყარო მაშინ დაბადებულა. მას შემდეგ არ შეჩერებულა, არ დაღლილა, წელში არ გატეხილა, ნაოჭი მას არ გასჩენია და ხმაში ბზარი. ისევ ისე ბავშვობისდროინდელი რაკრაკა ხმით აგრძელებს სამყაროს მსახურებას. ზაფხულში გულს გვიგრილებს, ზამთარში -გვითბობს. ერთხელ, როცა ძალიან წვიმდა, ჩვენი წყარო მომინდა, აგონიაში მყოფ ავადმყოფს, სიცოცხლე რომ არ ეთმობა, იმ სიცოცხლის წყურვილივით, და ამოვედი ქალაქიდან სოფელში ჩვენს ნასახლარზე. წვიმას სახლის ჩამონგრეულ კედლებზე ღრმა ვენები გაეჩინა და უფერული სისხლივით მოჩქეფდა. მე გული ახალამოღებული ყველივით დამიჩვილდა და მომეწურა , ვაითუ წყაროც გაქრეს, ვაითუ ...- მეთქი. ჩავირბინე და მელოდა თითქოს. იმ თავსხმა წვიმაში ჩვენ ბავშვობიანად ჩავეკონეთ ერთმანეთს . და მე გეუბნებით თქვენ : წყარო პეშვებით უნდა დალიოთ !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი