რაღაც ბავშვური


ისევ მოვუბრუნდი კლავიშების წკაპუნს და ისევ უნდა ვაწვალო მიძინებული აზრები. ამბობენ, როცა ადამიანი ჩანაწერებს აკეთებს, სულ მცირე ქვეცნობიერად მაინც განზრახული აქვს, რომ ერთ დღესაც მას სხვა წამკითხველი გამოუჩნდება, ვინც შეუფასებს წერის სტილს, მოიხიბლება მისი დრამატურგიით და რა ვიცი კიდევ რამდენი რამ. ეს ყოველივე არც ჩემთვისაა უცხო და თავის დაფასების გამო არ ვიტყვი, რომ ჩანაწერებს მარტო ჩემთვის ვაკეთებ, თუმცა არც ის იფიქროთ თქვენი ჟრუანტელის მოგვრა რამედ მადარდებდეს, სადარდებელი ისედაც ბევრი მაქვს... ასე რომ, თუკი აქამდე მოხვედი, მაშ, კარგად დაფიქრდი გიღირს თუ არა საკუთარ თავში მიმდინარე აზრთა ქარბორბალას ამ უთავბოლო თავგადასავლის ქარიშხალიც დაატყდეს თავს. 
     და შენც აქ ხარ! "ქალი ლამაზი და ჭკვიანი ერთდროულად ვერ  იქნებაო" მსმენია, აი ჩვენი ქეთევანი კი ამ მოსაზრების სრული კონტრარგუმენტია. ფიზიკური სათნოება რომ არ იკმარა და ინტელექტის ეტალონობაც რომ მოსურვებია, ის ქეთევანი ნაწარმოების განხილვისას ხშირად ახსენებს  "დაკვირვებული მკითხველი მიხვდება", "სტრიქონებს შორის უნდა იკითხო" და სხვა კიდევ ცალსახად მეტაფორულ, თუმც მეტად პირდაპირ აღსაქმელ სიტყვათა ნაკრებს. ხშირად მიკვირს, ნეტავ მწერალმა თავიდანვე ჩაიფიქრა რომ მშრალად დაეწერა და ტვინის ჭყლეტა ჩვენთვის მოენდო, თუ უბრალოდ სიტყვის კონა არ ეყო დივერსია შემოეტანა ნაწერში და ეს ლიტერატურის გუშაგებმა შეასხეს ხოტბა, არ ვიცი. ამას იმიტომ მოვყევი, მეგობრებო, რომ ეს ლიტერატურის შესწავლა ძალიან მაფიქრებს ბევრ რამეზე. როცა ლექტორი ახსნას იწყებს სიტყვა-სიტყვით ამხელს პერსონაჟებს, რომ მანიპულატორები არიან, რომ მკითხველს ატყუებენ, არასანდონი არიან, რომ ზოგსაც მსხვერპლის როლში მოსწონს ყოფნა, ეს ყველაფერი არ არის, მაგრამ უცნაური ისაა, რომ ამ დროს მგონია ამხელა აუდიტორიის წინაშე პერსონაჟს კიარა მე მაშიშვლებს, ნელა-ნელა, სიტყვიერად, იმ საძაგელი ცოდნით ასე საგულდაგულოდ რომ დაუგროვებია, საკუთარ თავში ძალით მახედებს, თითქოს ცდილობს წყლით სავსე ჭურჭელში მანამ ჩამაყვინთინოს სანამ სუნთქვა არ შემეკვრება და ჰაერს დახამებული, იმ წამს სულგაყიდული, არ ამოვღერღავ ღრმად ჩამარხულ საიდუმლოებას: მე ვარ ალექსი! მეც ვიქეცი მექანიკურ ფორთოხლად. დიახ, მეც კოლექციონერი ვარ, მეც ვაგროვებ ისეთ რამეს, რაც მხოლოდ მე მსიამოვნებს და არ მაინტერესებს ჩემ გარდა სხვა მხარე რას გრძნობს, მანიპულატორიც ვარ, ისე მოგიყვებით ყველაფერს, როგორც მე მსურს, როგორც ამას ყოველდღიურობაში ვაკეთებ ცალკეულ ინდივიდებთან. დიახ, მე სარა ვუდრაფიც ვარ, ჩემ გარშემო  ისევ ვიქტორიანულის მსგავსი საზოგადოებაა, მეც ჩემი რეპუტაცია ეჭვქვეშ დავაყენე, რადგან ვიცი, ცდის გარეშეც ვიცი, ვინ რისთვის შემსვამს ვირზე უკუღმა. და ჰო, მე ჯეკიც ვარ ბუზთა ბატონიდან, რადგან ვერ მოვირჩინე უკმარისობის წყლული, საკუთარი თავის უკმარისობისა, და ამიტომაც მწადია ყველაფერში ლიდერობა, თუმცა მე საიმონიც ვარ, მე ვიცი რომ ურჩხული ზღვიდან არ მოდის, ის ჩვენშია, ის ჩვენ ვართ! აჰა, უკვე შიშველი ვარ და იცით, არ მრცხვენია. ეგ ტანსაცმელი ჩემი არც იყო, მაგრამ მის შიგნით ნაღდად მე ვარ, უშუალოდ მე. 
   გაგრძელება იქნება...
და აი ხანგრძლივი დროის მერეც გაგრძელების დროც მოვიდა. ალბათ ფიქრობთ ამის შემდგომ ბევრი რამე ვისწავლე და ჭეშმარიტებასაც გამოვკარი ხელი. აი, აქ კი უნდა გეკამათოთ. დიახ, მე გავიზარდე და ამ ახალ აბზაცს უფრო დიდი და ცოტა მეტად ერუდირებული ვწერ, მაგრამ იცით, რომ ჭეშმარიტება თურმე ილუზიაა? როცა გამოცანებით დატვირთული უამრავზე უამრავი სტროფი ჩავიკითხე ბევრი რამე შევიყვანე თავში, თითო-თითოდ აინთო ჩემს ტვინში პაწუა ნათურები, მაგრამ იცოდე მკითხველო, ტვინს მე ბოლომდე ვერ გავაჩახჩახებ და ვერც შენ. თუკი ჭეშმარიტება და სიმართლე არათანაფარდი ცნებებია და შეუძლებელია ამ სამყაროს ინფინიტურ ქაოსში ჭეშმარიტება იპოვო, მაშ სრულყოფილებაც ხომ თავისთავად გამორიცხულია? დიახ, ასეა. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ... 
  ახლა ისევ იმაზე მინდა მოვყვე ვინამაც და რამაც ამ კლავიშების ტკეპნისკენ მიბიძგა, მე მას ბოლომდე ვერ გადავუხდი მადლობას, მაგრამ ვიცი არ  მიწყენს, რადგან თავადვე მასწავლა ჭეშმარიტებასა და სრულყოფილებას ვერ მიაღწევო. ამისთვის კი მადლობა მას, რადგან ვისწავლე ჩემი პლუსებისა და მინუსების ერთდროულად თუ ერთ დონეზე შეყვარება. ჩემი პირველი (შეიძლება პირველი ვუწოდო)  ლიტერატურული მოგზაურობის წინამძღვარი, როგორც უკვე მოგახსენეთ ზემოთ, ბევრ აქამდე შეუცნობელ საიდუმლოებს გვიმხელს ადამიანებისა თუ სხვათა შესახებ. აი, ახლა კი რაც მინდა მოკლედ დავწერო, პატარა ბავშვივით მიხარია და ნეტავ მანაც იცოდეს, რამხელა მნიშვნელობა იქონია მისმა სიტყვებმა ჩემზე ანუ ჩემში შეშინებულ და მიმალულ პატარა მეზე, რომელსაც ვერ დაეჯერებინა, რაოდენ დიდი ძალა აქვს მის გონებას, დაგროვილ ცოდნასა და ალბათ, რაც მთავარია, ემოციებს. იმ ერთ ძალიან ცივ დღეს სრულიად ხორციდან სულამდე გამათბო ჩემი ლიტერატურის მოძღვარის სიტყვებმა "ანანია, შენ ძალიან კარგად გეწერა, მომეწონა!".  შეიძლება სასაცილოდაც არ გეყოთ, მაგრამ მოდით უკეთ აგიხსნით და თუ მერეც გაიცინებთ, მაშინ ჩახურეთ ეს გვერდი. მე ისევე, როგორც სხვა უამრავ ადამისა და ევას მონაგარს, მჭამს და მოსვენებას არ მაძლევს გრძნობა, რომ რაღაცისთვის საკმარისი არ ვარ, საკმარისად არ ვშრომობ, საკმარისად არ ვწირავ თავს, თითქოს არ მაქვს ის მადლი დაბერტყილი ღვთისგან, რომ დავტკბე ჩემი ნიჭის ზეიმით, ვიგემო მწარე შრომის ტკბილი შედეგი. მაგრამ ერთ დღეს არც თუ ისე მეცადინეობით ნატანჯმა, მაგრამ დამაკმაყოფილებლად თავდაჯერებულმა შევაბიჯე გამოცდაზე და საკმარის ერუდიციას დავუმატე წერით განცდილი სიამოვნება და საკუთარი წერის სტილის სილამაზისადმი რწმენა, და ვუალა! - 25/25 და რაც მთავარია ქეთევანის ესოდენ ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე სიტყვები, რომელმაც თვითგვემით დაფხაჭნილი გული მომიშუშა და შემმატა რწმენა, რომ მეც შემიძლია გავხდე ის, ვისაც მოვისურვებ, რომ ვიყო. იარე წინ და წინ!
  გაგრძელება იქნება... ან არა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი