რა იყო პირველი?


როცა ადამიანი ამ ქვეყანას ევლინება მას თავად აკისრია გადაწყვეტილება სიკეთესა და სიბოროტეს შორის, ირჩევს ერთს და ცხოვრობს ასე. ტყუილად ღმერთს ნუ დააბრალებთ ვინმეს სიკეთეს ან სიბოროტეს, ეგ არჩევანი ჩვენია ადამის ძეებო. ვფიქრობ, ორივე მხარეს მოსიარულეს აქვთ ერთი უეჭველი საერთო-სიყვარული. არ ვიცი თქვენთვის რამდენად პარადოქსულად ჟღერს ბოროტს რომ უყვარდეს, მაგრამ ჩემი აზრით არ არსებობს თვით ბოროტებაც უსიყვარულოდ. თუმცა ახლა მე მანკიერებაში შეპარულ სიყვარულზე არ ვაპირებ ვწერო, მოდი ამჯერად უფრო ნათელ მხარეს ავირჩევ და ვეცდები აღვწერო პირველი სიყვარული. აქ სათითაოდ ჩამოყრილი სიტყვებით სიყვარულის იმპერიას ვერ ავაგებ, მაგრამ გულით ვეცდები ვიყო უმკაცრესი მთავარსარდალი თითოეული სიტყვისა და მოვმართო ისე ღირსეულად, როგორც ამ აღმატებულ გრძნობას შეშვენის. მაშ, სიტყვებო დამმორჩილდით! 
პირველ სიყვარულზე მაინც რა გახსენდება? ბაღის შეყვარებული თუ სკოლის პირველ დღეს თვალმოკრული თვალმოციმციმე თანატოლი? აი, მე თუ იმავეს მკითხავდა ვინმე ვეტყოდი, რომ ჩემი პირველი სიყვარული ბავშვობაში ბებიკოს ნაჩუქარი სათამაშო მამალია, რომელსაც მოჰყვება უამრავი რიგი აბსტრაქტული საგნებისა, რომლებზეც ინსტიქტურად დავაშენე ეს გრძნობა და დღეს პირველად გადავწყვიტე მათზე დამეწერა მითუმეტეს მათ მიმართ სიყვარული გამემხილა. ჩემი ერთ-ერთი პირველი სიყვარული ის კიბორჩხალაც იყო სულ რომ ქვიშაში ვმალავდი თურმე და მერე გამალებით ვეძებდი; ჩემი ერთ-ერთი პირველი სიყვარული ჩემი ძაღლია, რომელთან ერთადაც გავიზარდე და რომლის სიკვდილმაც ესოდენ გული ატკინა პატარა მეს. კიდევ მინდა დავწერო ჩემს პატარა დაზე, რომლის პატარაობა ჩემი ერთ-ერთი პირველი სიყვარულია, მისი ბავშვობა, მისი ფუმფულა კანი, უსაშველოდ ხუჭუჭა თმა და ჭირვეული ხასიათი ჩემი პირველი აღქმა იყო თუ რას ნიშნავდა ბავშვი და ბავშვურობა, რას ნიშნავდა ჩემზე პატარა და გამოუცდელ არსებაზე ზრუნვა, კარგად მოქცევა, რადგან  უნდა ვყოფილიყავი მაგალითი მისი. ჩემი პირველი საყვარელი ფერი კი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს როგორ შემიყვარდა 14 წლის ასაკში ლურჯი ფერი და მახსოვს როგორ მეგონა, რომ შემიყვარდა მიწიდან ცამდე ბიჭი, ვისი ხათრითაც გავაღმერთე ფერი ლურჯი. ასევე მახსოვს, როგორ შემიყვარდა ბერძნული მითოლოგია და მეც როგორ ღმერთად ვგრძნობდი თავს ზევსსა და პოსეიდონზე კითხვისას. ჩემი პირველი, მეგობრისადმი უპირობო სიყვარულიც ცხადად მახსოვს, ერთი თეფშიდან ნაჭამი საჭმელი, რომელიც ყველაზე გემრიელად მეჩვენებოდა, მასთან დანგრეულ დივანზე წოლაც მახსოვს, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული იყო იმ დროს ჩემთვის, რადგან ის მეგობარი ჩემი პირველი და-ქალური სიყვარული იყო. აწ უკვე მოზრდილობაში და თითქოსდა ზრდასრულობაში წვეული სიყვარული ხომ მახსოვს და მახსოვს, ტკბილი ლიტერატურა- ჩემთან მოსაუბრე მაშინ, როცა ხმის გასაცემად არავის სცალია. ახლა კი მტკივა ხოლმე, მტკივა იმიტომ, რომ  მივხვდი, რა ყოფილა დასასრულის განცდა. თურმე საყვარელი ნივთები ფუჭდება, თურმე საყვარელი ადამიანები მიდიან და საყვარელი ფერიც დროთა განმავლობაში შენი ყველაზე ნაკლებად საყვარელი ფერი ხდება. მე ეს ცნობიერებამდე ახლახანს დავიყვანე და კიდევ ერთხელ, ერთბაშად მეტკინა. არც ისე დიდი დროა რაც დავრწმუნდი, რომ ბოლოს ყველა თავის სიყვარულს კლავს! ჩემში მოკვდა ყველა ის გრძნობა, რასაც პირველ სიყვარულად მოვიხსენიებ, არც ის მამალო და კიბორჩხალა შემომრჩა,  ჩემი პირველი ძაღლიც დიდი ხანია აღარ მყავს, ჩემი დაც უკვე რა ხანია გაიზარდა და აღარ აქვს ისეთივე ფუმფულა კანი და არც იმას ვცდილობ მაგალითად დავესახო, ლურჯი ფერიც შემძულდა და ცამდე აწვდენილი გრძნობაც დიდი ხანია დაენარცხა ძირს, თურმე რა ყოფილა გატაცება. ჩემმა და-ქალურმა გრძნობამაც მიიძინა და აღარც ბერძნული მითოლოგია მიზიდავს. ლიტერატურა შემომრჩა, რომელიც ალბათ საკმარისად არც მიყვარს მასზე გზნებით რომ დავიტრაბახო, მაგრამ ჩემი ბოლო იმედია, რომ რაღაც თუ იწყება მას გაგრძელებაც აქვს. ნეტავ არ დავკარგო ეს სიყვარული, ნეტავ გამყვეს ბოლომდე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი