მეფიქრება
მეტად მძიმე და ახლართულია ახლა ჩემი აზრები. ადამიანი არ მეგულება სიცოცხლის მეტოქეზე არ ეფიქროს, ალბათ არც შენ. აი, თავად რამდენჯერ გიფიქრია სიკვდილზე? დარწმუნებული ვარ მიახლოებითაც არ იცი რამდენჯერ, მაგრამ დაკვირვებიხარ, რომ ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად უყურებ ამ მოვლენას? იმას კი არ გააჩნია ვინ კვდება ან ვის ვინ უკვდება, არამედ გააჩნია შენს მიდგომებს, ზოგჯერ ძალიან გზარავს, ზოგჯერ ისე გაშინებს ვერც ხვდები საერთოდ რა არის სიცოცხლის აზრი თუ მაინც უნდა მორჩეს, ზოგჯერაც ძლიერად ხვდები ამ ავადსახსენებელ კაცთა მოდგმის წესს, ნეტავ რა გვაძლიერებს ამ დროს? მე პასუხი არ მაქვს , მკითხველო, და არც ეძიო შემდეგ სტრიქონებში. ბოლოს სიკვდილზე გუშინ და დღეს დავფიქრდი. შევშინდი. წუხელ მე და დედამ იმდენი ვიცინეთ სუნთქვა გვეკროდა, დედაჩემმა, როგორც ნაღდმა იმერელმა მოაყოლა მთელი ლოცვა და პირჯვრისწერა, არც ღმერთი მოასვენა, გინდა თუ არა შეგვარგე ეს სიცილი და ავი არ მოგვაწიოო, არ ვიცი რამდენად შეგვისმინა, მაგრამ იმ ღამეს ალბათ ვერც ვერასდროს დავივიწყებ. სწორედ ის დღეა მე რომ ფეხბურთს არ ვუყურებ, მაგრამ მეგობრებს ვეხუმრები "ესპანური არმადა" მოიგებს თუ "ინგლისის ფლოტი-მეთქი". მაშინ როცა ამდენ ადამიანს ერთი ემოცია აერთიანებდა და გულანთებულები ეკრანს შესცქეროდნენ, მე არც კი მახსოვს რას ვაკეთებდი იმ მომენტში, თუმცა მახსოვს ის რაც არ დამავიწყდება-კივილი, ყვირილი, ხმის ცამდე მიწვდენა, რა ვიცი, ალბათ ესაა თამაშის დასრულების ლოგიკური გაგრძელებამეთქი, თავს რას დავაჯერებდი, როცა გული სხვას მიგრძნობდა, და თუ არ მიგრძნობდა მაშინ რატომ ვიდექი ფანჯრის წინ და ვლოცულობდი იმ ერთადერთი ლოცვით რაც ვიცი, იმ ვიღაცაზე ვისაც იმ წუთს უჭირდა, თუმც კი არ ვიცოდი ვისზე ვლოცულობდი, ჯიუტად ვთხოვდი არსთგამრიგეს მის შეწყალებას და ტკივილთა შემსუბუქებას. იმ ღამეს სოფო შეიცხადეს. სოფოს დედა ჩემს მეზობლად ცხოვრობდა და აქ დიდ დროს ატარებდნენ. სოფო განსაკუთრებულად საყვარელი იყო, ჯანმრთელობით დაჩაგრული, დედის გულზე აკრული გაიზარდა. 15 წელი დედამისი სამშვენისივით ატარებდა მშვენიერ სოფოს, დღეს კი დედამ მოიხსნა უძვირფასესი სამკაული, ნეტავ ვის სტკივა ახლა მისნაირად? მისი ტკივილის ნახევარს მაინც თუ ზიდავს ვინმე? არ მეგულება დედის გულზე მტკიცე რამ ამ ქვეყანაზე და არ მეგულება იმაზე მეტი ბუნების კანონის დარღვევა, როგორიცაა მშობლისთვის შვილის სიკვდილი. აბა, სად გაგონილა ასეთი რამე სწორი იყოს? სოფოს ხმა არავის გაუგია, არ ლაპარაკობდა. მას არც ბავშვებთან უთამაშია ოდესმე, ის ხომ ვერ დადიოდა. მაგრამ, აბა, ჰკითხეთ მის დედას, თუ არ შეეძლო მის შვილს საუბარი? ეს უხილავი დედაშვილური კავშირია, რომელიც ქარს ჰგავს,-არ ჩანს, მაგრამ ყველაზე მეტად იგრძნობა. ახლა ზაფხულის ერთ-ერთი საღამოა, ყველა ისე ვცხოვრობთ, როგორც გუშინ და ხვალაც ასე ჩვეულ რიტმში ვიქნებით. ჩემს ქუჩაში ბავშვები თამაშობენ და მათი ხმა ისევ ისე მხიარულია, როგორც აქამდე. მეფიქრება, ძალიან მეფიქრება და თან მრცხვენია, ნუთუ "სხვისი ჭირი, ღობის ჩხირიო" ასე ვართ? მთელი დღე ფიქრს ვერ ვიცილებ, რატომ არ ვტირით ჩვენ ყველა თვალების დათხრამდე? იქნებ სოფოს არ ვიცნობდით, მაგრამ არ ვიცით დედამისს როგორ სტკივა? განა არ ვიცით უსამშვენისოდ როგორი ცარიელია იგი? რატომ ვერ ვიზიარებთ მის ტკივილს სათანადოდ? მე ეს მაფიქრებს და მაშინებს, რა მოხდება მე თუ მოვკვდები? დედაჩემს ტკივილის ანაბარა დამიტოვებენ? მის ცრემლს არავინ გაიზიარებს? დედას რომ ცრემლი გაუშრეს, ვინ დაუნამებს შვილს საფლავს? მე ყოველ ჯერზე სხვანაირად მეფიქრება სიკვდილზე, არ მოგატყუებთ და ზოგჯერ პოზიტიურადაც ვუყურებ და გადასარევად ვურიგდები იმ ფაქტს, რომ ერთ დღეს ამქვეყნიდან წავალ, მაგრამ ვერ ვურიგდები ტანჯვის წესს. როგორ თუ საყვარელი ადამიანი წამგლიჯო და მე სიკვდილს შევეგუო? წავალ, ისევ უსწავლელი მოსწავლესავით წარვსდგები ღვთის წინაშე იმ ერთადერთი ლოცვით ასე რომ გამიზუთხავს. იქნებ მივაწვდინო ხმა, იქნებ შევავედრო ჩვენი თავი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი