ჩემი სახლის კედლები
ახლა ღამის ორია და საძინებლიდან მთელი ოთახების გავლით სამზარეულოში გავედი წლის დასალევად. სიბნელეში ფანრის შუქით ჩავუარე იმ კედლებს ბოლოხანს რომ განაახლეს მშობლებმა და შევამჩნიე, გამქრალიყო ახალი რემონტის სუნი, სახლს ისევ დაუბრუნდა საკუთარი სუნი, ზუსტად ისე როგორც ადამიანს კანს აქვს ინდივიდუალური სურნელი, ასე ყოფილა სახლიც. ზოგჯერ ისე ეჩვევი ამ ელემენტებს, სახლში მხოლოდ იმ სუნს გრძნობ რაც იხრაკება, იხარშება ან იწვება. მაინტერესებს ჩემს გარდა რომელიმე ოჯახის წევრმა თუ იცის სახლს როგორი სუნი აქვს, მე ვიცი, მტვრიანი ქალაქის სუნიც და იმ რელსების მუხლუხოს სუნიც ვიცი სახლამდე სანამ ჩამოვალ ცხვირში რომ მიღიტინებენ, ამის შემდეგ ყველაზე საამოდ მეჩვენება ჩემი სახლი რა ნოტაზეც იგრძნობა. “საცა არ ხარ იქ გიჯობსო” ნათქვამია, მთელი ცხოვრება ალბათ ამ გრძნობით მოვდივარ და უკვე სინდრომად მექცა. ახლაც მომეწყინა ჩემი კერა და მინდა შორს წავიდე რომ იქაც მომწყინდეს და ისევ ჩემი კერა მომენატროს, თავიდან, უფრო გაძლიერებულად მეცეს სახლური სუნი. მაშინ როცა თბილისი ხდება სიმარტოვისფერი მე მინდა ავძვრე რელსების მუხლუხოზე და გავიქცე სახლში, სადაც კედლებს საკუთარი სუნი აქვთ, კედლები, რომლებიც მიცნობენ და რომლებმაც გამზარდეს. წლების განმავლობაში მათ უფრო მეტჯერ იცვალეს სახე, ვიდრე მე, ალბათ მათი ბრალია რომ არ ვიცვლები, ალბათ ვერ მელევიან, ჩემი სიცოცხლის მოვლენამ შესძინა მათ ქვასავით არსებობს აზრი, გამომზარდეს და უამრავი დღე გამითენეს. ხვდებიან რომ მე მიყვარს ყველაზე მეტად, აბა, სხვა ვინმეს შეუმხნევია აქამდე მათი სუნი?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი