სიზმრების ზღურბლზე


სადღაც ძილბურანში სიზმრების ზღურბლზე მდგარს ისევ შენი ლანდი შემომეგებება და ღამის მოგზაურობაში მეპატიჟება. აუხდენელი რეალობის მორევში მე ჩემი გემით ვცდილობ გადავრჩე, იმედის იალქანს ავღმართავ და ვატყობ ის უფრო მიქადის დახრჩობას. ქარიშხლის ხმა ბოროტად მეხმაურება და მარწმუნებს გაღვიძება იმდენად მეტკინება, რომ ისევ აქ მოვისურვებ დაბრუნებას. შენ კი, კარგო, იქნებ აღარ გამიღო კარი, როცა სიზმრების ზღურბლზე დამინახავ, მომენატრა უსიზმრო ძილი. 
შენზე “კალამი” აღვმართე და ვიცი დამარცხდები ამ ბრძოლაში. რაც ვერ გითხარი, ყველაფერს აქ ვიტყვი, რასაც შენ მაინც ვერ გაიგებ. დამარხულ სიტყვებს ამოვთხრი და აქ დავასვენებ, აქვე განისვენებს ჩემი გრძნობებიც, 
-
არ გავიჩერებ გულში სარკოფაგს, 
მე იქ ვარდები უნდა ვახარო,
აღარ იქნები დარდის სამყოფად,
აღარც ეცდები რამით მახარო.
ასე უგულო, ნეტავ, რად ქმნილხარ?
ასე უნდობი, ნუთუ, რად გაჩნდი?
გულის საკლავად თურმე არ ღირხარ,
მაგრამ იარად მაინც დამაჩნდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი