ფიფქების ზვინი


*  *  *

თოვლის ფანტელები შევაგროვე და 
თივით დადგმულ ზვინს დავამსგავსე,

ზევიდან ცოტა ცრემლი გადავავლე და 
ასანთის აალებული ღერიც დავამატე.

განათდა ზეცა, თოვლის ცეცხლის ენებმა 
როცა სისინი იწყეს,

აცეკვდა მიწა, გადახსნა გული, 
ჭრილობად ჩემი შიშველი ტერფები დავახატე...

*
ისტერიულ სიცილით მკლავი გამოვსდე დედამიწას, -
გაღუნული ღერძის გარშემო ტრიალი ვიწყეთ,

თავბრუ დახვეული ცა ეძებდა იმ სარკის ნამსხვრევს, 
დრომ რომ ჩალეწა წაკწაკ - წიკწაკით...

ჰაერი იყო დასერილი, შუა გარღვეული, 
სავსე შრამებით,

საფლავებს პირი გახეოდათ, ვერ იტანდნენ, 
დაღლილიყვნენ ბასრი ძვლების მოტან - მიტანით...

*
და ნეშომპალად გადაქცეული ხორცით ადამის, 
ან თუნდ ევასი,

გაჯერებულიყო მიწა, 
ნაკადულებად ქცეულ სისხლით გულსავსე...

მარცხენა ხელი გადავშალე, 
რადგან მის გულზე ხაზებს ვეძებდი,

შემომცქეროდნენ ზოგი წყვეტილი, 
ზოგიც მუქი, თამამი, მკრთალი...

*
ფანტელებით დადგმულ 
თივის ზვინის მსგავს გროვას ვაკვირდებოდი,

სისპეტაკე რომ ვუწოდე ადრე, სუფთად მივიღე.

ისე უბრალოდ შეერია მას ტალახი, 
ჭუჭყი, გულის ამრევად,

ზიზღი მემატა და ამ პლანეტიდან 
თავქუდმოგლეჯით წასვლა ვიფიქრე...

*
თან მიხაროდა, თანაც მწყინდა 
გასვრილი ტერფები ფეხის.

გადაბრენცილი ცის ქვითინი გულს მიხარებდა და 
გამალებით ვატყაპუნებდი  ფეხს მიწის გულში.

რისი ცოდვა?..
რისი ცდომა? 
ან რის ტკივილი?!

ორად გაპობილ სივრცის ზღვარზე 
ვხურდი და ვდუღდი...

*
ნეშომპალასავით შეერივნენ ძვალს მოშორებული 
ხორცები მიწას,

პირგაღებული ვეშაპივით ზეცას რომ ერტყა.

რამ შეგაყვარათ ეს სიბნელე?..
ეს უწმინდობა?!

როგორ გავმჩატდი სიმძიმედ და... 
ახლა არ მინდა ევა რომ მერქვას!..

*
ფიფქების ზვინი დავწვი წუხელ...
ყალბი სიწმინდე დავინახე ლაფით ასვრილი!..


ანასტასია შიშინაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი