ათი წლის გავხდი
ათი წლის გავხდი თუ არა, ზეციურ გრძნობამ შემიპყრო, სული და გული მომპარა, ღამის ძილიც კი შემიკრთო, რა დამავიწყებს ნაწნავებს, ოქროში ამოვლებულებს, ანდა ზღვასავით ღრმა თვალებს, რომ იტაცებდნენ კაცთ გულებს. კვირა ვათენე ფიქრებში, მერვე დღეს წერილი ვსწერე, ფურცელზე ვუტყდი გრძნობებში, მარადჟამს ტრფობა ვუპირე, ექვსი წლით ლოდინი ვსთხოვე, მერე აღვუთქვი წაყვანა... დამცინა შარაზე მპოვნელს, მითხრა ჯერ ხარო პატარა, გაიზარდეო, დაკაცდი, და შეიქმენი სადარი, მაშინ მოსცადე ეგ ბედი, თუ არა გყავდა ბადალი... ზამთრობას დედა მომიკვდა, მაშველიც არავინ არის, დაკრძალვაც მარტოს მომიხდა, მარტოს ამოთხრა სამარის, თვალებს ცრემლია, პირს-ცოფი, ვეძებ ღირებულს სახლშია, ნაბად-ბეჭებზე, მხარს-თოფი, და გავუყვევი მთაშია, მივადექ ყველაზე მაღალს, კვირა დამჭირდა გზაშია, არაქათ ელია დაღლას, თან მწყურია და თან მშია, ერთი ქვაბული შემომხვდა, სულ ფორთხიალით ვეფარე, ღამით ყურს რაღაც ხმა მომხვდა, ხმები სასტიკად მყეფარე, თოფ მოვიმარჯვე გავვარდი, ძილშიაც საჭმელზე ვდარდობ, ვხედავ მგელს მგელზე დავარდნილს, გამომხედა და თავ დადო, იმდენად ძლიერად მოსთქვამს, მე მეტად როგორ დავჭრიდი, მეც შევეგებე იმის ჟამს, მეც ცხარე ცრემლით ავტირდი, არე ცრემლებით ავავსე, მგელმა ყმუილით აიკლო, რომ დაიღალა იმწამსვე, თათით მიწის თხრა დაიწყო, მივეშველე და დავმარხეთ, ერთად გვიწია მიწის თხრა, თითქოსა საერთოც ვნახეთ, მაგრამ მადლობაც არ მითხრა, არც შემომხედა, წავიდა, მეც ქვაბულისკენ გავწიე, გზად თავბრუსხვევა დამიდგა, კერამდე ვერ მივაღწიე, სხივმა მაღვიძა უთუოდ, საბნად ეს მგელი მეფარა, იქვე მახლობლად უსულოდ, ნანადირევი ეყარა, მას მერე ოთხ წელს ვიცხოვრეთ, ხან ის მაჭმევდა ხანაც მე, სანამ არ გამოვითხოვე, ჩემი მთვარე და ჩემი მზე. თექვსმეტს ერთ კვირა მრჩებოდა, ბარად წასვლა რომ ვარჩიე, გული საგულეს ხტებოდა, და მეც სატრფოსკენ გავწიე, გზად ყველა სახლი ვაოხრე, ცოცხალი კაცი არ ვტოვე, გულისსწორისთვის ვაგროვე, რაც კი ძვირფასი ვიპოვე, ჭიშკარს მივადექ, შევსძახე, ეზოსი კარი არ მიღო, თავზარ დამეცა რაც ვნახე, მითხრა ქმარი შინ არ იყო, თავს დავაფრინდი ჯარივით, ცხენზე მოვიგდე ტირილით, მთას გავაქროლე ქარივით, მიმყავდა კივილ-წივილით, წამომეწია მდევარი, ქალმა ღიმილი დამიწყო, - ჩემი ქმარი და ძმა არი, გაექცე - კაცი არ იყო, გადმოვხტი,ხმალი ვიშიშვლე, ორთავეს ერთად შევები, მის ძმის სისხლი რომ ვიხილე, ბრძოლის ხიბლს მაშინ შევედი, ქმართან არ ვომობ, ვტრაბახობ, ვფარფატებ,ხმალი ვერ მხვდება, ჩემივე ბიჭობით ვხარობ, - შემაბით ვინც შემოგხვდებათ!... - ჩემთან ტოლობას ვინ ბედავს?!... უცებ სისხლი მდის გულიდან, უკან ვიხედე, რას ვხედავ, ოხშივარს თოფის ლულიდან. აბა შენს მეტი ვინა მძლევს, ჩემი მომრევი ვინაა... და საჩუქარი თექვსმეტ წელს, ჩემი თოფიდან ტყვიაა. 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
❤️