მახარობელი


წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,
ისეთი ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე დავითი!

წუხელის ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ იმისთვის – ცოტნე,
შენ – ორგულობავ, აბა გაბედე
და გული ჩვენი ისევე კორტნე.

წუხელის შოთაც დაბადებულა,
დაბადებულა თურმე დემეტრე,
განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის
რა სიხარული გამოიმეტე!

წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო
ყველა გმირმა და თავდადებულმა,
დაბადებულა თურმე ვახტანგი,
წუხელ დემეტრე დაბადებულა.

საქართველოს ცა, ისეც მაღალი,
უფრორე მეტად ამაღლებულა,
დაბადებულა მთვარე-გიორგი,
თურმე ილია დაბადებულა!

წუხელის მტერი –
ერთპირად ჩვენი
მოსპობის მდომი – დადარდებულა;
დაბადებულა თურმე სულხანი,
გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა.

დაბადებულა ბიჭი პაატა.
გათენებულა წუხელის თეთრად
დაბადებულა სამასი გმირი,
ვით დაიხოცნენ,
ისევე ერთად!

წუხელის გოგოც დაბადებულა,
ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი,
ისეთი გოგო დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე თამარი.

დაბადებულა წუხელის ნინო
და ქეთევანი დაბადებულა.
ის ბნელი ღამე თურმე უეცრად
ღვთიურის ნათლით განათლებულა.

ყველა ზღაპარი – ნაოცნებარი
ახდენილა და გამართლებულა:
დაბადებულა თურმე ნესტანი
და თინათინი დაბადებულა.

და გიხაროდენ!
ქართველთა შორის
ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა
და ერთიანი, ნანატრი დროის,
ქართლი ხელახლა დაბადებულა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი