სული ჩემი შენ გეკუთვნის


ისევ ალალ-ბედად გნახავ შუაღამის მთვარის შუქზე,
მთვარე სხივთა კონას მომცემს და ფურცელიც შეივსება,
ჩემი თავი მერამდენედ დავსაჯე და ძლიერ ვტუქსე,
ავად ვარ ან შეშლილი ვარ, მე არ ვიცი, შეიძლება.

მთვარე ისევ შთამაგონებს სტროფებს შენზე ბევრჯერ აწ თქმულს,
და მეც მჯერი მონასავით ვიღებ კალამს და მუნჯად ვწერ,
კვლავ მოვძებნი გრძნობას უწინს, გულის ტყეში გადაკარგულს,
რა ვქნა ჩემო მზეებრ ქალო, ვერ გივიწყებ, ვერა და ვერ.

დავასრულებ შენზე წერას, დღეა უკვე მეათასე,
გავიხედებ ქუჩაში და ქარი ჩადგა - ქუჩა წყნარი,
და სიშორე არ მაღელვებს, დღესაც ასე გებაასე,
იქნებ გზაზე სადმე მნახო, დაგლეჯილი ანდაც მკვდარი.

გავიხარებ თუ მოხვალ და დამიტირებ, ყვავილს მესვრი საბოლოოს,
თუ არ მოხვალ მაშინ ცნობდე, რა მინდოდა შენთვის მეთქვა:
ჩემი მკლავი არმაზისი, თავი მზის და ეს ტანი არის სამშობლოს, 
სული ჩემი შენ გეკუთვნის, პოეზია, გულის ფეთქვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი