დანაპირები
მასაც მივუძღვნი სიმღერას, ვინც ცაზე მშობლად არიო, ვარსკვლავთ სხივები ბალიშად, მთოვარის შუქ-ზეწარიო, მზესა'დ მთოვარს ვადიდებ, ვარსკვლავებს ვეტყვი დიდებას, შენამც იდიდე სამყაროვ, ახლავე გეტყვი სიმღერას! შენი შემყურე შენ ყმასა, ცრემლი რომ მომდის თვალზედა, ცისკრის ვარსკვლავი ბრწყინავი, და ვარსკვლავთ ცვენა ცაზედა, დილით აისზე ბარბალე, ღამით დაისზე არმაზი, ცეცხლისფრად რომ შეღებილა, ეგ თქვენი ოქროს დარბაზი, ზესკნელს ვუმღერი სიმღერას, წინაპრებს ხმას გავაგონებ, მოყვარეს ვლოცავ დიდებით, მტერსაც მარადჟამ ვაღონებ, სიმღერას ვუმღერ დიდებას, საუკუნეთა გმირკაცებს, და მათზე ფიქრი მარადჟამ, სულ სხვა სამყაროს მიტაცებს, ყანწსაც გამოვცლი ჯიხვისას, მოვინადირებ არჩვებსა, მეუღლეს სწორად ავარჩევ, მეომრად გავზრდი ბავშვებსა, აღიზრდებიან ლომებად, კოლხეთის გაშლილ მინდორზე, და ნენევ, დიაცთ შენ განდობ, არმაზ, პირველყმა იბოძე, ამაყი ვხვდები ჩემ ბედსა, სიკვდილს ვუღიმი სახეში, სიცოცხლეს მუდამ ვადიდებ, მტერს არ ვუვარდი მახეში, მიყვარს ჩემ ცაზე მზე-მთვარე, მწვანე ბალახი მიწაზე, ზღვა ჩემი მარად მღელვარე, მთვარის ნარნარი რიწაზე, მიყვარს ეს მიწა მთა-ბარი, მკლავებგაშლილი ველები, როცა მოვიდეს ჩემი დრო, წინაპრებს მივეგებები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი