არსება დაცემული


ქარო, ქარო, ქარის ღმერთო,
შენ ისმინე ჩემი სიტყვა,
ჩემ ცრემლები მასთან იყოს,
ნიშნად იმის რაც არ ითქვა.

შენ წყლისდედავ, გთხოვ, იტირე,
ცრემლი ღვარე მდუღარენი,
გოდებით თქვი სათქმელი და,
მიხსენ ბაგე მდუმარენი.

შენ ამინდო დაიქუხე,
წვიმით სახე მისველე,
და შენ არმაზ, ჩემო ღმერთო,
ნუ დამტოვებ, მიშველე.

დედავ, დიდო, ადგილისავ,
სევდის ჰანგი გამაგონე,
ჩამეხუტე და იმღერე,
შენი მზერით დამაღონე.

მტკვარო, მტკვარო შენ წამიღე,
სად ბარბალე სხივებსა შლის,
სად თარხონი მელოდება,
მომაშოროს უკუნით ძილს.

სადაც მთვარე დღეც ანათებს,
სად მზე იხუტებს გმირთა ხატებს,
სად არ არის ბოროტება,
ჩემი სული გაიხარებს.

და ზესკნელო მოგაბარებ,
ბორკილთაგან აშვებულს,
ღმერთებო თქვენ ჩაიბარებთ,
ჩემ არსებას დაცემულს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი