ხილვის ხსოვნა


საიდან მოხვალ ასე ამაყი,
ნამწუხარევი მზერით მზვერავი!
მინდა ვისუნთქო ეს სიზამბახე,
რომ ვერ შეეხოს ქვეყნად ვერავინ.
 
მინდა მიყვარდე და უფრო მინდა
მარად მინდოდეს მე ეს სურვილი,
თვალებში მთვარის მენთოს ამინდი,
ყელში - სამსალა გადმოსურილი....
 
შენი გზებიდან მზე გადასულა
და უმზეესი გზნებით მაქეზებ.
შენს ნატერფალზე გაზრდილი სული
ახლა სიკვდილის ვარ სიმაღლეზე.
 
შენშია იგი, რაც მარად მერთვის,
რაც ამოკვეთა ადამს ედემმა.
ყველაზე მეტად არსებობ ჩემთვის,
ჩემს არსებობას ვინც კი ედება.
 
დამეუფლება სული მეფური,
როდესაც შენი ჩრდილი მატარებს
და ვტოვებ სხეულს მე, უნებურად
ადევნებული მზის კელაპტარებს...
 
იფიქრე ჩემზე, კიდევ იმაზე,
რომ ჩემზე ფიქრობ და გთხოვს სატანა,
მიირთვა ვაშლი მარად ძვირფასი,
ერთფეროვნების გადასატანად.
 
და სიმაღლიდან გამონაისრი,
შემოდგომიან დღეთა მაყარი,
მოგიტანს თვალებს ადონაისი...
მე კი ცრემლები გადმომაყარე.

"მთვარის სიმთვრალე", მერანი 1996

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი