ხილვის მოკვდავობა
დღეს მე შემცივდა შენი სხეული, უცხო სენივით დღეს გადამედე და ცხელ სუნთქვაში გამოხვეული შენი ღიმილის ფერი დამედო. არსებობ შენ და მე შენით ვიწვი, არსებობ შენ და მე შენით ვთვრები. მე მომერგება ტანჯვაზე იჭვი, შენ კი - თითებზე ბეჭდების თვლები. არსებობ შენ და ვერ მოვიცილე ხილვები, ჩემი წვით რომ ერთობა და მეგობრებში მრჩება სიცივე - უაზრებელი ურთიერთობა. ერთადერთობა შენი სიმაღლის მე მიუღწეველ სურვილს მადარებს. ქარი - თოვლს, თოვლი წვიმას მიმახლის... გავატაცინებ შენს თავს ავდარებს! გზებს შენს უმძაფრეს სურნელს დავატყობ, რომ უსვენები თრობით დავიწვე. მოვალ ამ გზნებით და სულს ავადმყოფს სიკვდილისათვის ფერხთით დაგიწვენ. "მთვარის სიმთვრალე", მერანი 1996
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი