ხილვის სიმწვანე
მწვანე ცრემლებით ვერაფერს ვიტყვი. ჩვენ შორის ეკლის დადის ბილიკი. უპასუხობა მაწუხებს კითხვის, მე რომ დაგისვამ. ან შეიძლება, არც შეგეკითხო, არც დაგაფიქრო, რარიგად მტკივი და ვიყო ასე, უჩუმრად, თითქო არც კი მახსოვხარ. ვერაფერს ვიტყვი მწვანე ცრემლებით, უმნიშვნელოა მათი დინება. მე ამ დინებით მოვიცელები, შენ კი იდექი. ან თუნდა, ახლა, მე რომ ვსაუბრობ, ღირს კი ცრემლებად და მონოლოგად?! შენ კი იდექი... შენი საუფლო უფრო წმინდაა. სილას შეაყრი მკერდზე მდინარეს და მას სისველე არ შეეხება, რადგან მე თავი მოვიმძინარე მის ზედაპირზე. შენ გაოცდები... უმზეო სიცხის იქნები თვალთა გამომეტება და მე დამათრობს ძვირფასი ზიზღი, შენგან მოსული. მწვანე ცრემლებით ვიტყვი? - ვერაფერს, რადგან მწვანეა ჩემი ცრემლები, რადგან ასეთი ფერით შენაფერს შენ იუცხოებ. შენ იუცხოებ, მე კი დინება მწვანედ წამიღებს და გამასვენებს... ვინმეს ნაპირზე ეცოდინება, რომ მე ვიტირე. "მთვარის სიმთვრალე", მერანი 1996
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი