ხილვის სიძველე


კვლავ გამახსენდი და კვლავ დაღამდა
და გათენებაც მოვა ასევე.
შენ, ჩემს სხეულში, უღრმეს დაღამდე
ჩაბუდებულხარ მეტასტაზივით.
 
გსურს ამოზიდო სული ქაოსით,
მერე გასვენდე, როგორც წამება,
არ გრძნობდე, ღამე ვით დავაოსეთ
მე და უშენოდ ყოფნის წამებმა.
 
ცნობისმოყვარე ოცნებით მიყვარს
თვალები შენი, წვალებით შეშლილს.
ო, არასოდეს არ გეტყვი სიტყვას
და შორ სიყვითლედ დავრჩები შენში.
 
მაგრამ თუ გული გადახურდება,
შენი ხილვით რომ დავაზიანე,
არ მიწყალობო ცრემლის ხურდები
ან გაღიმება თავაზიანი.
 
შენს ნაფეხურებს დავხედავ შურით,
დასაკონებლად რომ არ მეთმობა.
სანამდე უნდა ვათრიო შორით
ავადმყოფური ურთიერთობა?!
 
მკვლავგაწყვეტილი, წავალ კვამლივით
მე, გრაალიდან სიცხის დალევით,
რომ გზა, ათასჯერ უკვე გავლილი,
კვლავ გასავლელი დევს ცხედარივით.
 
შენი თვალებით ვარ განათვალი
და საჭიროა, რომ მე გადავრჩე,
რადგან ათასჯერ უტყვად ნათქვამი
კვლავ სათქმელი მაქვს შენთვის ათასჯერ.

"მთვარის სიმთვრალე", მერანი 1996

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი