ბრელი ჟაკ - ნუ მიმატოვებ
ნუ მიმატოვებ! ჯობს, დავივიწყოთ, რაც უკვე იყო, რაც შორს დავტოვეთ – გაუგებრობა ცრუ და ავგული, და დაკარგული დროით შეპყრობა, და ის დღეებიც, გულს რომ გვიკლავდა, კითხვებს გვისვამდა ეჭვის ტყეები... ნუ მიმატოვებ! გაჩუქებ წვიმას უდაბნოს მოსულს, ბროლივით მბრწყინავს, მძივებად მოსხმულს. მკვდარიც გავარღვევ მიწის ხვეულებს, რომ მზით გავალღო შენი სხეული. ავაგებ ოდას, სადაც უფალი იქნება ტრფობა, შენ – დედოფალი! ნუ მიმატოვებ! ნუ მიმატოვებ! მე გეტყვი ფრაზებს, სიგიჟით სავსეს, ოღონდ მადროვე. გეტყვი იმ წყვილზე ვრცლად და უხვადაც, ერთურთი ისევ რომ შეუყვარდათ. მოგითხრობ ხვედრზე მკვდარი მეფისა, შენთან შეხვედრა რომ არ ეღირსა. ნუ მიმატოვებ! უნახავთ მავანთ, რომ მეყსეულად ამოფრქვეულა მძინარე ლავა, და ისიც, ვფიცავ, გვინახავს, როცა დამწვარმა მიწამ ხორბალი მოგვცა. და რომ ალისებრ შეღებოს ბინდი, განა ღამისფერს არ ერწყმის შინდი?! ნუ მიმატოვებ! ნუ მიმატოვებ! აღარ ვიტირებ, არც ვიტიტინებ, ოღონდ მადროვე, უბრალოდ, დავდგე და შენი ცქერით, შენი სიმღერით და ცეკვით დავტკბე, რომ ჩრდილად ვიქცე, შენს თითთა ჩრდილად, შენს ჩრდილთა ჩრდილად, შენს... ძაღლის ჩრდილად… ნუ მიმატოვებ! ნუ მიმატოვებ! ნუ მიმატოვებ! ნუ მიმატოვებ! 1959 თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე "ლიტერატურული პალიტრა", იანვარი 2013 "ფრანგული შანსონი", ინტელექტი 2015
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი