ბრელი ჟაკ - ასეთი ხალხი
ჯერ უფროს ძმაზე გეტყვით, საზამთროსავით მრგვალზე, ლოთის რომ ერგო ბედი, ცხვირი კი – ჭარხლის მსგავსი. მთელი დღე ხელს არ ანძრევს და მოჰქანცვია სახე, დაიყუდებს და დაცლის და მერე, თვალს ძლივს ახელს და ვერ იხსენებს კაცი საკუთარ გვარს და სახელს. ყოველ საღამოს სკდება დაძმარებული ღვინით და წირვას არ აკლდება ნაბახუსევზე, დილით. დგას და ლუღლუღებს მთვრალი და სანთლის ფერი ადევს და ვეღარ უძლებს ამდენს და ეჭუტება თვალი... მინდა, გითხრათ, ბატონო, რომ ასეთი კაცი კი არ ფიქრობს, ბატონო, კი არ ფიქრობს – ლოცულობს! ახლა უმცროსზეც გითხრათ, ცოფიანივით ავზე, სავარცხელი რომ ხშირად არ გადაუსვამს თავზე - მასზე რომ არ თქვან ძვირი და ხალხში ჰქონდეს წონა, ქალაქელი და ზრდილი ქალი შეურთავს ცოლად. მისთვის უცხოა ძილი და მხართეძოზე წოლა – ხელიდან შანსს არ უშვებს, ათას ინტრიგას ხლართავს, გამოხვეულა ქურქში და დააქროლებს ავტოს. უნდა, რომ ჰგავდეს დიდ კაცს, მაგრამ არა და არ ჰგავს... – რატომ თამაშობ "მდიდარს", როდესაც გროში არ გაქვს?!.. მინდა, გითხრათ, ბატონო, რომ ასეთი კაცი კი არ ცოცხლობს, ბატონო, კი არ ცოცხლობს – ცრუობს! მერე არიან სხვები: – დედა, სიტყვას რომ არ ძრავს. – მამა, ჩარჩოში ჩასმულ სურათიდან რომ დასცქერს, ვით მოციქული – სამწყსოს, თავის მონაგარ-ნარჩენს, როგორ უსხედან სუფრას, უსიტყვოდ სვლეპენ წვნიანს... და გაიგონებთ: "ხვრიპ-ხვრიპ" და გაიგონებთ: "ხვრიპ-ხვრიპ"... – და დედაბერი, იქვე, წევს და ვერავინ ამჩნევს, როგორ მოელის სიკვდილს, როგორც ერთადერთ საშველს. ერთი სული აქვს ყველას, მჭკნარ ფეხებს როდის გაფშეკს, რომ დანაზოგი მისი შთამომავლობას დარჩეს... მინდა, გითხრათ, ბატონო, რომ ასეთი ხალხი არ საუბრობს, ბატონო, არ საუბრობს – ითვლის! და ბოლოს, არის ფრიდა! ულამაზესი ფრიდა! – ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და ერთად ყოფნა გვინდა! როცა ერთმანეთს ვხვდებით, ჩვენს გულს ოცნება ავსებს სახლზე უამრავ ხედით, თითქმის უკედლო სახლზე, სადაც ვიცხოვრებთ ერთად, ერთად გავათევთ ღამეს... აგვისრულდება, ნეტავ? – რაღაც, არ მჯერა ამის. ეს - იმის გამო, ალბათ, რომ სხვებს არ უნდათ ასე, რომ სხვებს არ უნდათ ასე, რომ "ფრიდას ღირსი არ ვარ!", რომ მე რა ვიცი მეტი, "კატის დახრჩობის გარდა!", არადა, ვფიცავ, ერთიც არ დამიხრჩვია კატა! ანდა... დავახრჩვე, რადგან გაუსაძლისად ყარდა, ან აღარ მახსოვს – რატომ, ან სულაც, სხვებმა მოკლეს... მათ არ ვუნდივარ, მოკლედ, მათ არ ვუნდივარ, მოკლედ!... და როცა ფრიდა მხვდება, წუხს და ძალიან ღელავს, ამბობს, რომ გამომყვება, რომ მიატოვებს ყველას... და მეც მჯერა, ბატონო, მისი მჯერა, ბატონო, მხოლოდ... ერთი წამით! დიახ, წამით, იმიტომ, რომ... ასეთი ხალხი სახლს არ ტოვებს, ბატონო, დიახ, არსად მიდის... აჰ, დაღამდა, ბატონო, გვიანია და ჩემი სახლში წასვლის დროა! 1965 თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე "ფრანგული შანსონი", ინტელექტი 2015
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი