ფერე ლეო - ოცი წელი


ჩვენ გვაბადია სულ ოცი წელი,
გამოცდილება – მშობლების წილი.
ფეხზე გვკიდია პეტრე და პავლე,
ბედნიერებას ხელს გვიან ვავლებთ,
მაგრამ თუ გვიყვარს, ბოლომდე გვიყვარს,
“ბოლომდე” უდრის ერთ წამს, ერთ სიტყვას,
ერთ ვარცხნილობას და ერთ მაგარ ჯინსს…
და ფანტაზიას ვანდობთ დანარჩენს.

ჩვენ გვაბადია ჩვენი სიფათი:
თუ ლამაზია, ხომ გაგვიმართლა!
თუ უფერული – მაინც არ ვკრთებით
და ვამბობთ: “მომწონს ჩემი ნაკვთები!”.
ბედთან ვთამაშობთ და ვჭრით კარტივით,
გამოუცდელნი, თოკზე გავდივართ.
სასწორისა ვართ თუ ლომის ნიშნის,
ლომგულობაში ეს ხელს არ გვიშლის.

ჩვენ გვაბადია სულ ოცი წელი
და გაზაფხულთა აურაცხელი
მარაგი, გული რომ ვეღარ იტევს
და ნამცეცებად ვურიგებთ ჩიტებს.
თუ გვიყვარს, თავის მოკვლამდე გვიყვარს,
თავს ხშირად ვიკლავთ და არც ეს გვიკვირს.
არ ვართ ჩვეულნი გვემას და ლოდინს,
სიყვარული ხომ მიდის და მოდის…

ჩვენ გვაბადია ჩვენი სიფათი,
ზოგჯერ საკუთარ თავს რომ მიმართავს
და ვხდებით მისი განსჯის საგანი –
ეს არის ჩვენი ხმა შინაგანი.
მოდის, რომ სულში ღამე ათიოს
და ვერ გადართავ, როგორც რადიოს.
ღამის გამოცდას ვაბარებთ ასე
და გვცვივა ცრემლი სიცილით სავსე.

ჩვენ გვაბადია სულ ოცი წელი,
როგორც ფარფატა ვარდის ფურცელი,
ჭკნობის ჟამი რომ მალე ურეკავს
და სიკვდილის წინ გვაგემებს ეკალს.
ვეძებთ, ვინც მეცხრე ცაზე აგვაფრენს,
ან მას ვიპოვით, ანდა – არაფერს!
ბოლოს, იმედი თუ გაგვეცრიცა,
არც “არაფერი” ჩანს, არც – “მეცხრე ცა”.

ჩვენ გვაბადია ჩვენი სიფათი.
სარკესთან ვდგებით და თავს ვიმართლებთ.
ვიცით, ფუჭია მოთქმა-განგაში,
მაინც ყველაფერს წლები გადაშლის.
დარდებს ვფუთავთ და სიზმრად ვასაღებთ,
ვიტყვით: “სიყვარულს არ აქვს ასაკი!”
და როცა ვკარგავთ დროის მისამართს,
ვამბობთ, რომ კვლავაც ოცი წლისა ვართ.

1961

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

"პირველი სხივი", n°6 (36), 2023
ფრანგული შანსონი, ინტელექტი 2015

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი