ბრასენსი ჟორჟ - ცუდი რეპუტაცია


სოფელში, ბედმა დამცინა –
მაქვს ცუდი რეპუტაცია.
გინდ ვდუმდე, გინდა ვღელავდე,
ლაფში მავლებენ ყელამდე!

არვის ვაწუხებ თუმცა მე ამით,
თუკი მცირედიც მყოფნის მიამიტს,

მაგრამ ხალხს აღიზიანებს,
მათ აზრს რომ არ იზიარებ.
ყველას ცუდის თქმა სწადია,
მუნჯების გარდა, ცხადია.

აღლუმის დილას, უწინამც
ლოგინში ვრჩები უწყინრად.
არ მსიამოვნებს, სახელდობრ,
მწყობრი მუსიკა სამხედრო.

არვის ვაწუხებ თუმცა მე ამით,
ბუკ-დაფდაფები რომ არ მეამა,

მაგრამ ხალხს აღიზიანებს,
მათ აზრს რომ არ იზიარებ.
თითის დაქნევა სწადიათ.
უხელოთ გარდა, ცხადია.

ქურდს თუ მისდევენ ბაღნარში,
მდევარს დავხვდები დაღმართში,
ხელს ვკრავ და, რაღა დავმალო,
ზღართანს მოადენს საბრალო.

თუმცა მე ამით არვის ვაწუხებ,
ვაშლის ქურდი თუ დავხსენ მარწუხებს,

მაგრამ ხალხს აღიზიანებს,
მათ აზრს რომ არ იზიარებ.
გადამიარონ სწადიათ.
უფეხოთ გარდა, ცხადია.

იერემიას გარეშეც
ვიცი, რაც მელის ხვალეში –
თუკი დაგრიხეს ბაწარი,
კისერზე შემომაწნავენ.

თუმც ამით არვის აკლდება გროში,
თუკი ჩემი გზა არ მიდის რომში,

მაგრამ ხალხს აღიზიანებს,
მათ აზრს რომ არ იზიარებ.
სახრჩობელაზე სწადიათ,
მნახონ. ბრმათ გარდა, ცხადია.

1952

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

"პირველი სხივი", n°6 (36), 2023
"განთიადი"- 1-2-2022
ფრანგული შანსონი, ინტელექტი 2015
"პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კრებული - კოტეტიშვილის პრემია 2011", დიოგენე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი