აზური ედუარ - ლიბანი


აქ დღეებს უბე ფორთოხლების სუნით ევსება,
აქ ვენახია და ხეხილი აღთქმული მიწის,
აქ მუხამ ტაძრის შესასვლელის მოჩრდილვა იცის,
ხოლო მეცხვარემ - სალამურის მწარედ კვნესება.

აქ ნახავთ წყაროს, ქონდრის ფოთლებს შორის მორბენალს,
ნახავთ მოლაღურს, სტვენა-სტვენით რომ მისდევს  ფუტკარს,
აქ ხეივანი მთით ნაბერი ნიავით სუნთქავს
და ფიჭვის წვერზე შემომჯდარა ჭრიჭინობელა.

აქ საფლავია ადონისის, აკვანი სიტყვის,
ეს არის მიწა, სადაც კვლავაც მეფობს კედარი,
მისი სახელი არის ლურჯი და ისე ითქმის,

როგორც გულისთვის ლოცვა, ანდა ბაგისთვის ვნება,
რომელიც ამბობს: "ნეტარია, სამგზის ნეტარი,
ვისაც ლიბანში თხისთვის ბაგა მოეპოვება".

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

"პირველი სხივი", n°6 (36), 2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი