მარია ბაროსი ლინდა - ქუჩაში გავდივარ, მახლავს ანგელოზი


ქუჩაში გავდივარ, მახლავს ანგელოზი,
	როგორც ჯაჭვი ხელზე დახვეული,
	კედლების კირით შეთეთრებული.

კაცები, რომლებსაც ვხვდები,
		ხელს და კოჭებს მილოკავენ,
		კუდში დამდევენ.
მათ სხეულებზე დავაბიჯებ, როგორც მხურვალე მუგუზლებზე,
		როგორც ტალღებზე, სახურავებზე.

	არავითარი სიბრალული არ გამაჩნია
		იმ კაცების, ვისაც ვუყვარვარ.
	ჩემმა ჯაჭვმა მათ ზურგებზე
			ქვეწარმავლის გუგები გახსნა.

მესალმება ყველა, ვისაც
			სახურავზე ეძინა ღამით,
ვინც ფილტვები მიიტანა 
		ზღვის ყველაზე ვიწრო ფსკერამდე
	- ისე, როგორც მონადირე ძაღლმა, მოქნილმა -
		და მათ იქ სუნთქვა შეაძლებინა.

მესალმებიან ქვევიდან სხვებიც – მოქალაქენი,
			კომატოზით შეპყრობილნი,
რომლებსაც ყბები მოუმტვრიეს რკინის მაშებით.
	მესალმებიან ექიმები, შუამავლები. 

მესალმებიან ბედისაგან დაჩაგრულები, ხველითა და სისხლჩაქცევებით.
	ლოგინის ქვეშ, შეიძლება, ჯერაც ბოლავს
					ზარბაზნის ლულა.

ქუჩაში გავედი, მახლდა ანგელოზი. შინ ვბრუნდები.
	როგორც ჯაჭვი ხელზე დახვეული.

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

"ინდიგო", ივნისი 2019
თბილისის მე-5 საერთაშორისო ლიტ. ფესტივალი, მაისი 2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი