მარია ბაროსი ლინდა - საცერში გატარებული ბავშვები


შენ რომ
უფრო ლაღი და უფრო ლამაზი
	და უფრო მართალი ქალი ყოფილიყავი,
	ამიტომ გავიპე გული ორად,
	ბატკნის ჩლიქივით.

ვიცრუე და ვიქურდბაცაცე, სისხლი ვანთხიე.

გვამები ვრეცხე
და ცელოფნის პარკზე მეძინა,
	ქუჩის ნაგვით გამოტენილზე.
	მეძინა გზებზე,
		სადაც მუდამ ლაპლაპებს დანა,
	ქალაქის ბებერ მათხოვრებს შორის,
		რომლებსაც, შენს პატივსაცემად,
			კოჭებამდე მოეშვათ წვერი,
	როგორც 
	ლომებზე სანადიროდ წასულ შუმერებს.

შენ გამო,
	ღამის ავაზაკებს გადავეყარე.
შენ წინ ავტირდი, როცა ფრჩხილით მიწას კაწრავდი,
	თვალდათხრილი ბედაურივით.
	ავქვითინდი, როგორც თვითმკვლელი,

მე ვიცხოვრე ქუჩის ბავშვებთან,
		რომლებიც წებოს იყნოსავდნენ, ფერწასულები,
	როგორც ეთერის ბადეებით დარწეული
			დიდი ლოდები,
	საცერში რომ გაატარეს 
			და საფქვავში, სადინარში გადაუძახეს.

შენთვის ვიყმუვლე გზაგასაყარზე, ატაცებულმა
	–  ძირს ახვეტილმა და ჰაერში ატაცებულმა –
		შუამავლების მიერ, ფიწლებით.
ავაზაკებმა, ქურდებმა მძარცვეს.
ნიჩბებისხელა კოვზებს ქვაბებზე
		ყურისწამღებად არახუნებდნენ.

დუქნების გასწვრივ ვიხეტიალე,
	გაზის სუნი იდგა ყველგან, დამწვარი ჩიპის, დამწვარი ქსელის.
ვეტმასნე არყის პირამიდებს
	და შენი დიდი კაცების ხელებს
- როგორც კატა ეტმასნება ელექტრობის სახელმძღვანელოს -
	გამიწითლეს მეორე ლოყაც.
		მათი თითები განუწყვეტლივ თრთოდნენ ჩემს ნეკნზე
	და გამიპეს გული ოთხად
	სიცილით, "რადგან ასეთია წმინდანთა არსი",
და საცერში გამატარეს,
	შენს დანარჩენ ბავშვებთან ერთად,
	და სიტყვების ალიკაპი ამომდეს პირზე.

შენს სამახსოვროდ, ჯიბეებში გადავმალე,
		როგორც ნაგავი,
	ღალატის ურჩი ვირთაგვები.
მე გამოვკვებე,
	ჩემი სხეულით გამოვკვებე ციხის პიტბული.
და ავტირდი, როცა ფრჩხილით მიწას კაწრავდი,
	თვალდათხრილი ბედაურივით.

დიახ, მე შენთვის შემოვვარდი ამ სამყაროში,
	ვით სისხლის ტალღა,
უკან, გულისკენ გზა რომ ვეღარ გაუკვლევია.

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

"ინდიგო", ივნისი 2019
თბილისის მე-5 საერთაშორისო ლიტ. ფესტივალი, მაისი 2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი