დარვიში მაჰმუდ - დედაჩემს
დედაჩემის პური მენატრება, დედაჩემის ყავა, დედაჩემის ალერსი... და დღითი დღე, ბავშვობა იზრდება ჩემში, და სიცოცხლეს ძვირად ვაფასებ, რადგან თუ მოვკვდი, დედაჩემის ცრემლების შემრცხვება! თუ, ერთ დღეს, დავბრუნდი, შენი ქუთუთოების მზის ქოლგად მაქციე. ძვლები შენს უმწიკვლო ქუსლებქვეშ გაფენილი ბალახით შემიმოსე. ნაწნავზე მიმიმაგრე, კაბის ბოლოდან გამორღვეულ ძაფზე... და მე ალბათ ღმერთად ვიქცევი, ალბათ ღმერთად, თუ შენს გულს ახლო გავუვლი! თუ დავბრუნდი, მორივით, შენს ბუხარს შემიკეთე. და თოკად გამაბი შენი სახლის სახურავქვეშ... ფეხზე ვერ ვდგები შენი დღიური ლოცვის გარეშე. დავბერდი. ბავშვობის ვარსკვლავები ჩამომიწყვიტე და მე მათ, დასაბრუნებელ გზაზე, ბარტყებს გავუზიარებ... შენი მოლოდინის ბუდეში! 1966 თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე (არაბულიდან ელიას სანბარის თარგმანის მიხედვით. კრებულიდან "ჩვენ დედამიწა გვევიწროება", გალიმარი 2000) "ახალი საუნჯე" n°1 (31), იანვარი 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი