საფო - ოდა აფროდიტეს
ო, ცისარტყელასტახტოვანო, მარადიულო აფროდიტევ, ზევსის ასულო, გულთა მბეჭველო, გევედრები, უზენაესო, ნუ მისცემ ჩემს სულს დარდს და ნაღველს. მომიახლოვდი, თუ ჩემი ხმისთვის ერთხელ მაინც მოგისმენია, როცა ტოვებდი მამაშენის ოქროს სასახლეს, მიანდობდი ეტლს წარმტაც ჩიტებს, რათა უსწრაფეს ქროლვითა და ფრთათა კამარით, მაღლით, ზეციურ სილაჟვარდით გამოტყორცნილი, წამოეყვანე ამ პირქუში ნაპირებისკენ. ჩიტები უმალ აქ ჩნდებოდნენ, უნეტარესო, და შენც უკვდავი, მომღიმარი ბაგით მკითხავდი, თუ რა ახალი კაეშანი შეჰყროდა ჩემს გულს, ან ხელახლა რისთვის გიხმობდი, ან რა სურვილი მაწვალებდა სასოწარკვეთილს: "მითხარ, ვინ არის ის ქალწული, ვის სიყვარულსაც გაშმაგებით მე მევედრები? ვინ შეურაცხყო გული შენი, ძვირფასო საფო? დღეს თუ გაგირბის, გეტყვი, რომ ხვალ დაგედევნება. დღეს შენს ნახვაზე უარს ამბობს? ხვალ თავად გნახავს. დღეს არ უყვარხარ? ხვალ გინატრებს, უნდა თუ არა." კვლავ გეძახი, დაბრუნდი ჩემთან, განმარიდე ურვა სასტიკი, ამისრულე გულისნადები, დამიფარე ამ ქარიშხალში. თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე (ძველბერძნულიდან რენე ვივიენის 1909 წლის თარგმანის მიხედვით) "ინდიგო" n°17, მარტი 2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი